ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება საქართველოში მოქმედ პორტებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა ხელი შეუწყონ ქვეყანაში საპორტო ინფრასტურქტურის განვითარებას - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შეხვედრა შედგა პორტის ოპერატორებთან.
„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ოპერირებად პორტებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და იმაში, რომ მათ შეძლონ უფრო მეტი ტვირთის მიღება და დამუშავება. სწორედ აქედან გამომდინარე ვიმყოფებოდით ბათუმის პორტში, სადაც მოვინახულეთ არსებული ინფრასტრუქტურა.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ყველა პორტის ოპერატორი ადასტურებს, რომ ფაქტობრივად რეკორდულია ტვირთბრუნვა - ამ შემთხვევაში ბათუმის პორტში. გაზრდილია ტვირთბრუნვა ყველა ტვირთის კატეგორიაში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი. საქართველომ გაზარდა მისი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო არეალზე. საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შუა დერეფნის კონტექსტში და ამდენად, რა თქმა უნდა, თანმიმდევრული ინფრასტრუქტურის განვითარება, ეს იქნება საპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო თუ საგზაო, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის და ზოგადად იმისთვის, რომ სატრანსპორტო სექტორმა განაგრძოს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა მინისტრმა.




























