მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო ბიზნესი და საბანკო ინდუსტრია - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი

60df6deed1e07
ლუკა მიმინოშვილი
03.07.21 10:25
3114
მცირე და საშუალო სექტორის მდგრადობა და სწრაფად პროგრესირება, როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიზეზი ქვეყნების ეკონომიკაში აღნიშნული სექტორის მხრიდან შექმნილი სარგებლის მოცულობაა. მცირე და საშუალო საწარმოები სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის დივერსიფიკაციის, სოციალური სტაბილურობისა და მშპ-ის ზრდის მთავარი ამაჩქარებლის როლს თამაშობენ.

მცირე და საშუალო საწარმოები (SME) მრავალი ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს. მაკენზის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ გენერირებული თანხა გლობალური საბანკო შემოსავლების მეხუთედს წარმოადგენს, რაც თანხობრივად წლიურად $850 მლრდ აშშ დოლარია. სწორედ ამ მიზეზის გამო, ევროპაში ბანკების 80% მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარს ზრდის პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული ეკონომიკა და საბანკო სექტორია, თუმცა გარდა ეკონომიკისათვის სექტორის მნიშვნელობისა, გასათვალისწინებელია თავად სექტორის პრობლემებიც - ასეთ კომპანიებს ზრდის უფრო მეტი შემაფერხებელი ფაქტორი აქვთ, ვიდრე - მსხვილ კორპორაციებს.

პრობლემები კი შემდეგნაირად ჟღერს:

1) ბიზნესგამოცდილებისა და უნარების არქონა (კადრების კვალიფიკაცია);
2) ბაზარზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობა;
3) კაპიტალის მოცულობა;

იმ შემთხვევაში თუ პირველი ორი პრობლემა მეტწილად დამოკიდებულია თავად ბიზნესის მფლობელსა და მის მეცადინეობაზე, მესამე საკითხი მთლად ასე არ დგას. დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის არარსებობა მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მუდმივად მოიხსენიება, როგორც ზრდის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი.

დაფინანსებაზე წვდომა და მისი სიმარტივე-სირთულე კი ქვეყანაში კაპიტალის მოზიდვის მექანიზმებზეა დამოკიდებული. საქართველოში ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში დაფინანსების რამდენიმე გზა არსებობს. მათგან ძირითადი საბანკო სესხია, თუმცა სექტორის ზომიდან და რისკებიდან გამომდინარე, შესაძლოა, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც ბანკი ვერ აფინანსებს ბიზნესს. ასეთი შემთხვევისთვის ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად თუ განსავითარებლად შესაძლოა საერთოდაც არ დაგჭირდეთ საბანკო სესხზე ფიქრი, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ დღეს საქართველოში არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა საგრანტო პროგრამები, რომლებიც მსურველს საშუალებას აძლევს პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიღოს გრანტი. აღნიშნულ საგრანტო კონკურსებზე განაცხადების მიღება დღესაც აქტიურად ხდება; შემდგომი დაინტერესების შემთხვევაში აქვე მივუთითებ რამოდენიმეს:

1) ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული და Land O’Lakes International Development Georgia (Venture37)-ის მიერ განხორციელებული პროექტი - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“;
2) გაეროს განვითარების პროგრამა - საგრანტო კონკურსი „ჭკვიანი სოფლები“;
3) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსი - ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები;
4) FAO ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამა - “საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა”;
5) ღია საზოგადოების ფონდის გრანტები;
6) ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დონორი ორგანიზაციის, დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით - „ახალგაზრდა მეწარმე“ 7) აწარმოე საქართველოში - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა და ა.შ.

გარდა საგრანტო მიმართულებისა, არსებობს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ე.წ. შერეული სისტემით სარგებლობის საშუალებაც, რომელიც სტანდარტული საბანკო სესხის ან ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას გულისხმობს, ასეთებია:

1) აწარმოე საქართველოში - პროცენტის სუბსიდირება, გამოყოფილია შემდეგი მიმართლებებით (როგორც საბანკო სესხის, ასევე სალიზინგო პროდუქტით სარგებლობისას): ინდუსტრიული მიმართულება, სასტუმრო ინდუსტრია, ტურისტული სერვისების ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია;

2) სოფლის განვითარების სააგენტო - შეღავათიანი აგროკრედიტი, შეღავათიანი აგროლიზინგი (საბრუნავი და ძირითადი საშუალებებისათვის);

ასევე არსებობს უზრუნველყოფის ნაწილში ბიზნესის მხარდამჭერი პროექტები:

1) აწარმოე საქართველოში - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი;

2) სოფლის განვითარების სააგენტო - მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი;

3) EIF ( ევროპის საინვესტიციო ფონდი) - InnovFin, პროგრამის მიზანია: ისეთი ტიპის კომპანიების დაფინანსების ხელშეწყობა, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს, ან/და ქვეყნის, რეგიონის, საკუთარი კომპანიის მასშტაბით ნერგავენ სიახლეებს. კაპიტალის ბაზრის მდგომარეობა საქართველოსთვის ცხადად პრობლემაა, თუმცა მიუხედავად ამისა, კაპიტალზე ხელმისაწვდომობაში კომერციულ ბანკებთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამები დაგეხმარებათ.

წლების განმავლობაში საცალო საბანკო მიმართულებით განხორციელებულმა ცვლილებებმა საქართველოში აღნიშნული სერვისი მსოფლიო დონეს გაუთანაბრა. ასეა როგორც ციფრული პროდუქტების, ასევე ფიზიკური მომსახურების ნაწილშიც. შეიქმნა საცალო ბანკინგის პრემიუმ მომსახურებები, თუმცა განსხვავებული სიტუაციაა ბიზნესმიმართულებით, რადგან აქ ბანკებს შეხება მხოლოდ ინდივიდებთან, როგორც კლიენტებთან, არ აქვთ. აქ კომპანია ასევე ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც სწორი მართვის გარდა, სწორი პარტნიორი სჭირდება. პარტნიორი გააზრებული რჩევებით, ალტერნატივების შეთავაზებით, სწრაფი რეაგირების უნარით და შეგრძნებით, რომ ქოლგა წვიმაშიც და მზიან ამინდშიც ბიზნესის დასახმარებლად იქნება გაწვდენილი.

განსხვავებით საცალო საბანკო მიმართულებისგან, ბიზნესს განსხვავებული მოთხოვნები და საჭიროებები აქვს, მცირე და საშუალო ბიზნესი კი, ფაქტობრივად, ის მიმართულებაა, რომელიც ყველა საჭიროების მქონე ბიზნესს აერთიანებს. ბიზნესის სურვილების დასაკმაყოფილებლად და პრობლემების გადასაჭრელად კი მნიშვნელოვანი პროდუქტთა მრავალფეროვნებაა.

ბანკების ბიზნესსტრატეგიათა ცვლილებამ, რომ გახდნენ კლიენტზე ორიენტირებულები, პროდუქტების და მომსახურების მრავალფეროვნების საჭიროება კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუმცა სანამ ამ საკითხზე გადავალ, მანამდე როგორი საწარმოები ითვლება მცირე და საშუალო ბიზნესსაწარმოებად.

რანჟირება ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. საქართველოშიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა SME-ს ცნების აღქმა. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოთა ტიპები ბრუნვის მოცულობითა და დასაქმებულთა რაოდენობით დგინდება. ცვლილება როგორც დასაქმებულთა რაოდენობაში, ასევე ბრუნვის მოცულობაშიც შედიოდა.

2018 წელს საბოლოო ვერსია კი ასე ჩამოყალიბდა:



აღნიშნული რანჟირების მიხედვით, საქართველოში არსებული ბიზნესების 80%-ზე მეტი სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებია, რაც კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს მიმართულების სწრაფი განვითარების საჭიროებას.

სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მხრიდან არსებული დახმარებათა საჭიროება და პრობლემები SME სექტორში, კორონაპანდემიამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, პანდემიამ გამოკვეთა პრობლემები როგორც ფინანსური მდგრადობის, ასევე კრიზისის მართვის გამოცდილების არქონის ნაწილში, ბევრმა კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება, ზოგი კი მხოლოდ თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებით გამოვიდა აღნიშნული მდგომარეობიდან. სექტორი, ისევე როგორც საშუალო ქართველი, ფაქტობრივად, არ ფლობდა დანაზოგებს, რომელსაც კრიზისულ პერიოდში სიტუაციის გამოსასწორებლად გამოიყენებდა. როგორც აღმოჩნდა, მცირე და საშუალო ბიზნესი მიმდინარე საოპერაციო ხარჯების გასწორებას, სწორედ მიმდინარე შემოსავლით ახერხებდა ხოლმე, შემოსავლის შემცირებამ, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ განულებამ, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ბიზნესებს.

საბანკო ვალდებულებების ნაწილში ბანკების გადადგმულმა ნაბიჯმა მნიშვნელოვნად შეამცირა აღნიშნული წნეხი; გარდა ამისა, ბანკებმა დაიწყეს ფიქრი და მუშაობა დაფინანსების ალტერნატიული გზებისა და ახალი პროდუქტების შეთავაზებაზე, რაც სწორედ მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას წარმოადგენს, პანდემიის ეტაპზევე აქტიურად გამოჩნდა ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტი - ფაქტორინგი და თან პანდემიის შემაფერხებლების გათვალისწინებით, გაციფრულებული ფორმატით.

სწორედ პანდიმიურ წელსვე საქართველოს ფინანსურმა სექტორმა და მისმა ხუთმა წარმომადგენელმა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსირებისათვის EBRD-ისგან დამატებითი რესურსების მოზიდვა მოახერხეს, აღნიშნული ფინანსური რესურსების გამოყოფა კი 2020 წლის 23 ივნისიდან 2021 წლის 30 აპრილამდე პერიოდში მოხდა, აღნიშნული თანხის გამოყოფა პანდემიურ პერიოდში ყველაზე მოწყვლადი სექტორისათვის დამატებითი ხელისშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში EBRD-ის აქტივობები სიმცირეს არც მანამდე უჩიოდა, პანდემიურ პერიოდში კი დახმარებამ გარდა მატერიალური სახისა მცირე და საშუალო ბიზნესკონსულტაციების საშუალებაც გააჩინა; აღნიშნული კონსულტაცია კომპანიათა ციფრულ განვითარებასა და კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებასა და განხორციელებას გულისხმობს; ამისათვის 2021 წლის მარტში EBRD-ის მხრიდან 1.8 მლნ ევროს გამოყოფა მოხდა. 1996 წლიდან დღემდე, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ჯამური თანხა 4.2 მლრდ აშშ დოლარს უდრის, რაც 262 პროექტის ფინანსური დაფინანსებით შემოიფარგლება.

ქართულ SME სექტორს დამხმარედ მსოფლიო ბანკიც მოევლინა.. მიმდინარე წლის მაისში ხელი მოეწერა მსოფლიო ბანკის მიერ 85 მილიონი ევროს მოცულობის ხელშეკრულებას, თანხის მიღება ეტაპობრივად 2022-2025 წლებში მოხდება, მიზნობრიობა კი "აწარმოე საქართველოს" გავლით მიკრო და მცირე მეწარმეთათვის გრანტების ფინანსირება (25 მლნ ევრო), სესხის პროცენტის თანადაფინანსება ( 12.8 მლნ ევრო), საგარანტიო სქემა (25 მლნ ევრო), ბიზნესის გაციფრულების პროგრამა (5 მლნ ევრო). ჯამურად, პროგრამით 6000-მდე საწარმო ისარგებლებს. გარდა "აწარმოე საქართველოს" გავლით ბიზნესზე მისაწოდებელი თანხისა ასევე გამოიყო 12 მლნ ევრო, რომლის მიზნობრიობაც ციფრული გადახდების სისტემის მხარდაჭერაა, რომლიდანაც ეროვნულ ბანკს საგადასახადო ინფრასტრუქტურის განახლებისათვის 6 მლნ ევრო გადაეცემა, "აწარმოე საქართველოსა" და იუსტიციის სახლს მომხმარებელთა სარეგისტრაციო სისტემების გაუმჯობესებისათვის 4.3 მლნ ევრო, ხოლო დაცული ტრანზაქციების რეფორმისათვის - 1.7 მლნ ევრო. მსოფლიო ბანკის განცხადებით, ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას აღნიშნული ფირმების დახმარების პროგრამების გაფართოებითა და გაძლიერებით, ასევე საქართველოს ეკონომიკის გაციფრულების წახალისებით.

ბანკების სურვილი, დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესს, დაფინანსების გზების ინოვაციურ შეთავაზებებსა და სერვისის დახვეწას გასცდა, ბანკები აქტიურად მუშაობენ საგანმანათლებლო მიმართულებითაც, როგორც ფიზიკურ პირებთან, ასევე - ბიზნესებთანაც. ასევე მუშაობენ პლატფორმებზე დაფუძნებული სერვისების შექმნა-განვითარებაზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი გარდა პოტენციური მოლოდინებისა, არის რეალური სურათი - სებ-ის მონაცემებით, დაკრედიტების ჯამური მოცულობა 40.15 მლრდ ლარია, საიდანაც იურიდიული პირებზე გაცემული სესხები 19.67 მლრდ ლარია. სებ-ის მიხედვით, ბოლო წლებში ყველაზე მეტად დაკრედიტება სწორედ SME მიმართულებით გაიზარდა 2018 წელს ზრდა 18.8% იყო და SME პორტფელმა 6.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, 2019 წელს ზრდის მოცულობა 24.6% იყო ხოლო ჯამური საკრედიტო მოცულობა 7.8 მილიარდი ლარი. 2020 წლის ჯამური პორტფელის საშუალო ზრდის გათვალისწინებით, SME სექტორის წილმა 2020 წლის ბოლოსაათვის სავარაუდოდ 9 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მეწარმეობის პოტენციალი კი ცხადია, ქვეყანას გაცილებით მეტი აქვს, ამას კი გამოყენება სჭირდება და არა მხოლოდ 44- გვერდიანი დოკუმენტების შედგენა/ თაროზე შემოდება, დიახ ასეთიც გვაქვს, შემდეგი სათაურით: „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის“ ერთ დროს 2020 შორს ჩანდა, თუმცა მოვიდა და გავცდით კიდეც, შედეგი კი ...

გამოწვევებზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები მათ შორის მსოფლიო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომლებიც ზოგადად ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესში განათლების პრობლემასა და პროფესიული განათლების გააქტიურებაზე მიგვითითებენ.

ბანკები მცირე და საშუალო ბიზნესის ეკოსისტემებისათვის სამ განსხვავებული სტრატეგიულ როლს ასრულებენ:

1. ფინანსური მომსახურება;
2. ფინანსური და ბიზნესგანათლების შეთავაზება, ასწავლონ (დისტანციურად თუ ოფისებში) და თანაც უფასოდ;
3. ბიზნეს პროცესებისა და პოზიციონირების ალტერნატივების გაცნობა, დაეხმარონ პოზიციონირებაში და შესთავაზონ სხვადასხვა ხელსაწყოები.

ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნეს ეკოსისტემას კი, ცხადია სხვა მრავალი ალტერნატივა სჭირდება ფასის, ადგილის და ყველა იმ შემაფერხებლის გათვალისწინებით, რაც საქართველოში არსებობს, როგორც დაფინანსების მექანიზმების, ასევე საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მიმართულებითაც, რადგან მიუხედავად პროგრამების თუ შესაძლებლობების არსებობისა, შეუძლებელია, როდესაც ბიზნესის ძირითად მიმართულებას სხვა საქმიანობა წარმოადგენს, განათლება და ცოდნა ქვეყნის ყველა წერტილში მიიტანო.

ეს ბანკების ძირითადი ფუნქცია მოვალეობა არ არის.
როლი კი, ყველამ თავისი უნდა შეასრულოს.

<ბლოგის ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები