მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მცირე მეტეოსადგური ფერმერს ნარგავების მორწყვის დროს კარნახობს“ - რა არის Smart Farming სისტემა?

62025cbd341bd
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.22 21:40
2003
კომპანია CVIG რამდენიმე წელია მევენახეობა-მებაღეობით, სასათბურე და სოფლის მეურნეობით დაკავებულ ფერმერებს მცირე მეტეოსადგურების სისტემას — EnviroMonitor-ს მონტაჟს და შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. ქართულმა კომპანიამ, ქვეყანაში ამერიკულ კომპანია Davis Instruments Corporation-თან თანამშრომლობით სისტემები 2017 წლიდან შემოიტანა და ადგილობრივი აგრობიზნესისთვის თანამედროვე Smart Farming სისტემა ხელმისაწვდომი გახადა.

EnviroMonitor ლოკალური მიკროკლიმატური და დაავადებათა წინასწარი პრევენციისთვის გამოიყენება. მცირე მეტეოსადგურების სისტემა ფერმერს ნარგავების მორწყვის დროის განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს, მოსალოდნელი გვალვის, ყინვის, ან ნიადაგის მდგომარეობაზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის. სისტემას ნალექების პროგნოზირება შეუძლია და ასევე დაავადებათა და მავნებელთა პრევენციის სისტემა აქვს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მმართველი პარტნიორი ირაკლი ერაძე აცხადებს, რომ კომპანია CVIG-მ სოფლის მეურნეობაში პროცესების მართვის თანამედროვე გადაწყვეტის სისტემების ბიზნესის წარმოებისთვის 100 000 ლარის ინვესტიცია ჩადო და 5-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. კომპანია დღეისთვის შეკვეთებზე მუშაობს და სისტემების წინასწარი დასაწყობება ადგილზე არ ხდება, თუმცა როგორც ერაძე აღნიშნავს, ინტერესის ზრდის შემთხვევაში კომპანია საქმიანობის ამ მოდელზეც გადავა, რაც მცირე მეტეოსადგურის სისტემების მოწყობის ვადებს 1.5 თვიდან 1-2 კვირამდე შეამცირებს.

“ეს სისტემა ონლაინ რეჟიმში იღებს ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე და კლიმატთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც ფერმერს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. კარგი აგრონომის ხელში შეუცვლელი ინსტრუმენტია, რაც საბოლოო ჯამში ფერმერისთვის ფინანსური დანახარჯების შემცირებაში, ჯანსაღი და მეტი მოსავლის მიღებაში გამოიხატება. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კლიმატური სადგურები ნაკლებად ეფექტიანია ლოკალურ ტერიტორიაზე და ფერმერებს კლიმატის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ვერ აწვდის, ეს სისტემები კი ლოკალურად იძლევა ინფორმაციას და ამასთან ნარგავებს სხვადასხვა დაავადებების გაჩენის საფრთხეს არიდებს. სისტემა ფერმერს კარნახობს როდის და რა ინტენსივობით შეიძლება ნარგავების მორწყვა და სეზონურად მოყინვის საფრთხის შესახებაც აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას“, - განმარტავს ირაკლი ერაძე.

მისი თქმით, დღეს კომპანიის პორტფელში განხორციელებული 4 პროექტი შედის. შედეგად სმარტ სისტემები ლაგოდეხში, მუხრანში, ბოლნისსა და შეკვეთილში სხვადასხვა აგროკულტურის ბაღებშია განთავსებული.

„ამ სისტემისადმი დაინტერესება, ჩვენი ბაზარზე შემოსვლის პერიოდშიც იყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ტექნოლოგიაა, ვამჩნევთ, რომ 2020 წლიდან ინტერესი ამ მიმართულებით უფრო გაიზარდა.

დასამონტაჟებელი სისტემის ფასი ფართობის სიდიდეზე, ასევე კონკრეტულად ბაღზე - კულტურების და ნიადაგის ნაირსახეობაზეა დამოკიდებული. 2017 წელთან შედარებით, დღეს ამ სისტემების ხელმისაწვდომობა გაზრდილია. მაგალითად, 10 ჰა ნუშის ბაღის ათვისებისთვის მომხმარებელს 3 500 დოლარი, 80 ჰა კაკლის ბაღის შემთხვევაში 15 000 დოლარი დაუჯდება. ანუ რაც უფრო დიდია ფართობი, მით ნაკლებია დანახარჯი. რაც შეეხება სერვისს, მას თავიდან ბოლომდე ჩვენ ვახორციელებთ. ეს გულისხმობს სისტემების გამართულობის კონტროლს და მისი ღირებულება წლიურად 300-500 დოლარია. ამ სისტემებს არც ელექტროენერგია ესაჭიროება და არც ინტერნეტპროვაიდერი“, - ამბობს ირაკლი ერაძე.

კომპანიის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ ამ სისტემების ეფექტიანობა აგროდაზღვევის სფეროში ახალი პროდუქტების გაჩენითაც შეიძლება განისაზღვროს.

„ჩვენთან არ ვიცი როდის მიხვდებიან სადაზღვევო კომპანიები, მაგრამ დასავლეთში, ძირითადად ამ სისტემაზე დაყრდნობით ხდება საგაზაფხულო ყინვის სადაზღვევო პაკეტების ფორმირება“, - ამბობს ის.

Smart Farming-ის სისტემების შემომტანი კომპანია CVIG 2022 წელს 5 პროექტის განხორციელებას გეგმავს. ირაკლი ერაძე სისტემებით დაინტერესებულ ფერმერებს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს რომ ინტერესი არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები