"მცირე მოცულობის წიაღისეულზე 15-დღიანი აუქციონები ჩატარდება" - შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო. ცვლილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში“ შედის.
„კანონში, ერთ-ერთი პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმადაც, კონკრეტული, მცირე მოცულობის წიაღისეულზე შესაძლებელი იქნება მოკლე აუქციონების გამართვა. ქონების ეროვნულ სააგენტოს აქვს ეს დიდი ხანია დანერგილი და გვინდა, იგივე გავავრცელოთ წიაღის სააგენტოზეც. 15-დღიანი აუქციონები ჩატარდება, თუმცა ეს არ ვრცელდება ისეთ წიაღისეულზე, როგორიც არის სპილენძი, ოქრო, ვერცხლი ანუ მნიშვნელოვან რესურსებზე. კონკრეტულად შეზღუდული მოცულობა დაწესდება ანუ 500 ათასი კუბური მეტრი, რომლის აუქციონი შესაძლებელი იქნება გაიმართოს 15 დღის განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება უფრო რაციონალური მიდგომა. შესაძლებლობა მოგვეცემა, მეტი აუქციონი ჩატარდეს და შედეგად, მეტი წიაღისეულის განკარგვა მოხდება. ეს ბიზნესს შეუწყობს ხელს, ვინაიდან, როდესაც ადამიანს რესტორნისთვის უნდა წყალი, მას შეუძლია, რომ 15-დღიან აუქციონში მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ კომიტეტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს გამართულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, სახელმწიფო წიაღის მიმართულებით 100 საინვესტიციო პროექტს გამოიტანს.
„ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალიან კარგი, ახალი იდეა, რომელიც არის იგივე მიდგომა სასარგებლო წიაღისეულის მიმართულებით, როგორც დამატებით 100 საინვესტიციო პროექტის შეთავაზების შემთხვევაში. ბუნებრივი რესურსების მართვა ჩვენი პრიორიტეტია. ასევე, დღეს სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს არაერთ რეფორმას, რომლის მიზანია სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით სახელმწიფო გამოიტანს 100 პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების შეთავაზებას ბიზნესისთვის. ეს მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით დაახლოებით 120 მლნ ინვესტირების ბაზისი შექმნას. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში, ან არ არის იდენტიფიცირებული, მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში. ჩვენი მიზანია, მოხდეს მათი პრივატიზება“, - განაცხადა გახარიამ.