ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, McLaren Automotive-ის მფლობელი აბუ-დაბიში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი გახდა, რომელმაც კომპანია ბაჰრეინის სუვერენული ფონდისგან გამოისყიდა.
როგორც ცნობილია, McLaren-ის საავტომობილო მიმართულებას CYVN Holdings-ის პარტნიორები გადაიბარებენ, რომელთა შორის უმსხვილესი წილის მფლობელი თავად აბუ-დაბის მთავრობაა. ამ ეტაპზე, გარიგების დეტალები უცნობია, თუმცა დადასტურებულად ის ვიცით, რომ საინვესტიციო ფონდი უშუალოდ საავტომობილო მიმართულების 100%-იანი მფლობელი იქნება და არც McLaren-ის სარბოლო დივიზიის, რომელმაც სწორედ ახლა Formula 1-ის ჩემპიონობა მოიპოვა. McLaren Racing-თან მიმართებით აბუ-დაბის საინვესტიციო ფონდს მხოლოდ მინორიტარული წილი ექნება.
უშუალოდ საავტომობილო მიმართულებას რაც შეეხება, ის არაერთ საინტერესო ქმნილებას აერთიანებს, მათ შორისაა: ფლაგმანების ტრიადა - W1, P1 და F1. ასევე, ლიმიტირებული წარმოების Senna, Speedtail, Sabre და Solus. რამდენიმე სუპერქარი - 720S, 765LT, 600LT, 570S და GT.
CYVN Holdings-ის საინვესტიციო პორტფელში ასევე შეხვდებით: ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებელ NIO-ს და ბრიტანულ Gordon Murray Automotive-ს (GMA). უნდა აღინიშნოს, რომ McLaren-ის პირველი ავტომობილი - ლეგენდარული F1 სწორედ გორდონ მარიმ შექმნა.
როგორც ცნობილია, McLaren-ში აქტიურად განიხილავენ სრულიად ელექტრონული ჰიპერქარების გამოშვებას და არ არის გამორიცხული, ამ მიმართულებით ბრიტანულმა მწარმოებელმა პარტნიორობა ჩინურ NIO-სთან დაიწყოს, რომელიც სწორედ EV-ინდუსტრიაშია წარმოდგენილი.