უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც $5-მილიონიანი დანაზოგი აქვთ, ამერიკის შეერთებული შტატების "ოქროს ბარათის" ვიზაზე, რომელიც შტატებში უვადო ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იძლევა, რეგისტრაციას სულ მალე შეძლებენ. ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა.
"როგორც ველოდები, ვებსაიტი სახელად Trumpcard.com, დაახლოებით ერთ კვირაში გაეშვება. დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა ადამიანებს დარეგისტრირება უკვე შეეძლებათ". - განაცხადა ლუტნიკმა.
მისივე თქმით, ვიზის მისაღებად დამატებით პირობები და სხვა დეტალები მომდევნო კვირებიდან გახდება ცნობილი.
ლუტნიკის თქმით, "ოქროს ბარათი" ჩაანაცვლებს საიმიგრაციო საინვესტიციო ვიზის პროგრამას, რომელიც იმიგრანტებს, ვინც აშშ-ის ეკონომიკაში $1.8-მილიონიან ან ღარიბ ზონებში $900 000-იან ინვესტიციას განახორციელებენ, მწვანე ბარათს ანიჭებდა. როგორც ვაჭრობის მდივანი აცხადებს, "ოქროს ბარათის" მიმართ ინტერესი უკვე მაღალია და შუა აღმოსავლეთში ბოლო ვიზიტის დროს მან ბარათების გაყიდვაც კი დაიწყო.
"მოკლედ, ყველა, ვისაც შევხვდი და ამერიკელი არ არის, ამ ბარათის ყიდვას შეეცდება, თუ ამის ფისკალური შესაძლებლობა აქვს", - განაცხადა ლუტნიკმა.
"ოქროს ბარათი", რომლის ღირებულებაც $5 მილიონია, დონალდ ტრამპის ინიციატივაა, რომელიც მფლობელებს აშშ-ის მწვანე ბარათსა და მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ტრამპის განცხადებით, ბარათის გაყიდვა ქვეყანაში მდიდარ ადამიანებს მიიზიდავს. ლუტნიკმა კი აღნიშნა, რომ ვიზების გაყიდვა აშშ-ს $36 ტრილიონიანი ფედერალური ვალის გასტუმრებაში დაეხმარება.




























