ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის ყველაზე პატარა რესპუბლიკა კომუნისტური ზესახელმწიფოსთვის ელექტრონიკისა და ტექნოლოგიების ცენტრი იყო. დღეს კი სომხეთი ამერიკული ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ წამყვან გლობალურ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზეა - ამის შესახებ სტატიას - სათაურით "Nvidia-სთან ტრამპის შეთანხმებამ სომხეთი AI-ის მოულოდნელ ცხელ წერტილად აქცია" - Bloomberg-ი აქვეყნებს.
საქმე ისაა, რომ აგვისტოში, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა Firebird-მა სომხეთში მონაცემთა ცენტრის ოპერირება დაიწყო, რომლის სიმძლავრეც მომავალი წლის ბოლოსთვის 300 მეგავატს, ხოლო აღჭურვილობა - Nvidia Corp.-ის 70 000-ზე მეტ უახლეს ჩიპს მიაღწევს. მისი გამოთვლითი სიმძლავრის ერთი მეხუთედი შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი - ადგილობრივი კვლევების, მთავრობისა და სტარტაპ-ეკოსისტემის გასაძლიერებლად, ხოლო დანარჩენი ნაწილი უცხოურ, მათ შორის ამერიკულ კომპანიებზე განაწილდება.
როგორც Bloomberg-ი Firebird-ზე დაყრდნობით წერს, კომპლექსი, რომელიც დედაქალაქ ერევნიდან დაახლოებით 45 კილომეტრში, ქალაქ რაზდანში მდებარეობს, რეგიონში უმსხვილესი გამოთვლითი კლასტერი გახდება და ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთ უდიდეს ცენტრებს შორის დაიკავებს ადგილს. ეს არის ეკონომიკური უპირატესობა შორსმიმავალი შედეგებით სამხრეთ კავკასიისა და მეზობელი ცენტრალური აზიისთვის, სადაც Firebird უკვე ფართოვდება და სადაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები რუსეთის გვერდის ავლით ევროპისა და ჩინეთის დამაკავშირებელ სტრატეგიულ დერეფანში დომინირებისთვის იბრძვიან.
მონაცემთა ცენტრმა უკვე ითამაშა გარკვეული როლი სომხეთსა და მეზობელ აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში, რასაც წინ ათწლეულების განმავლობაში სადავო ტერიტორიისთვის მიმდინარე კონფლიქტი უძღოდა, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა. მოლაპარაკებებში ჩართული პირების ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდი სომხეთს Nvidia-ს ჩიპების ექსპორტის ნებართვას დაჰპირდა, რათა ერევანთან დიალოგი წაეხალისებინა აშშ-ის შუამავლობით აზერბაიჯანთან ისტორიული შეთანხმების მისაღწევად.
ამ გარიგებაში Nvidia-ს ჩიპების როლი ტრამპის არაორდინარული "AI დიპლომატიის" ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მაგალითია - წერს Bloomberg-ი. ეს აჩვენებს, თუ როგორ იყენებს ტრამპის გუნდი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შემოღებულ ჩიპების ექსპორტის რეგულაციებს - წინა ხელისუფლების მიდგომების კრიტიკის პარალელურად - იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროს ბევრად სცილდება.
ეს ასევე ხაზს უსვამს დაახლოებით 3-მილიონიანი პატარა ერის ამბიციებს, დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი სწრაფად ცვალებადი რეგიონის ცენტრში, და აჩვენებს, თუ როგორ იძლევა შედეგს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ერევნის მრავალწლიანი შრომა ტექნოლოგიური ინვესტიციების მოსაზიდად და რუსულ გავლენებთან დაკავშირებით აშშ-ის წუხილების გასაფანტად.
"საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სუვერენიტეტი სომხეთისთვის ზოგადად რეალური პრობლემა იყო", - განაცხადა რიჩ გოლდმანმა, რომელმაც Nvidia-ს მთავარი პარტნიორის, ჩიპების დიზაინის გიგანტის Synopsys Inc.-ის სომხეთის ფილიალი დააარსა. მისი თქმით, სწორედ ეს განაპირობებს "იმ პარანოიას, რომ აუცილებლად საკუთარი ხელოვნური ინტელექტი უნდა გქონდეს".
სომხეთის ურთიერთობა Nvidia-სთან 2019 წელს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კომპანიის სანტა-კლარას ოფისს ეწვია - ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გლობალურ ბუმად იქცეოდა.
Nvidia-მ ერევანში წარმომადგენლობა 2022 წელს გახსნა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ინჟინრები მოსკოვიდან სომხეთში გადაიყვანა. 2023 წელს ქვეყანას თავად კომპანიის გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგიც ეწვია, რამაც, როგორც Firebird-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რაზმიგ ჰოვაგიმიანმა აღნიშნა, სტარტაპის შექმნას მყარი საფუძველი ჩაუყარა.
2023 წლიდან სომხეთმა დაიწყო პოლიტიკური და ეკონომიკური დისტანცირება რუსეთისგან - მისი ტრადიციული მოკავშირისა და იარაღის მთავარი მომწოდებლისგან. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მოსკოვის უმოქმედობას, როდესაც რუსეთმა არ შეასრულა თავდაცვითი ვალდებულებები და ხელი არ შეუშალა აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის სრულად აღდგენას, რასაც იქიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მასობრივი გამოსვლა მოჰყვა.
ერევანმა მკვეთრი კურსი დასავლეთისკენ აიღო, თუმცა ამ პროცესში მთავარ დაბრკოლებად ვაშინგტონის შიშები იქცა: თეთრი სახლი წუხდა, რომ სომხეთი შესაძლოა გამხდარიყო არხი, რომლის გავლითაც რუსეთი ამერიკულ ჩიპებსა და აპარატურას ომის საწარმოებლად მოიპოვებდა.
ფაშინიანის მთავრობამ აშშ-ისა და ევროკავშირის წნეხს რუსეთში ელექტრონიკის ექსპორტზე მკაცრი კონტროლის დაწესებით უპასუხა. სომხეთს "არ შეუძლია თავს დასავლური სანქციების ქვეშ მოქცევის უფლება მისცეს", - აცხადებდა ფაშინიანი. მართალია, აშშ-მა 2023 წლის ბოლოს სომხეთი შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც მოწინავე ჩიპების მისაღებად სპეციალური საექსპორტო ლიცენზია სჭირდებათ, თუმცა ერევანმა პარტნიორებთან თანმიმდევრული მუშაობით ნდობის დაბრუნება შეძლო.
2024 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტმა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მიიღო ამერიკული ლიცენზია "Nvidia H100" ტიპის 64 ამაჩქარებლის შესაძენად, რითაც რეგიონში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი აიგო. ამ პროექტმა სომეხ ინჟინრებს მისცა უმნიშვნელოვანესი ცოდნა და გამოცდილება როგორც მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში, ისე აშშ-ის რთულ საექსპორტო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, რამაც გზა გაუხსნა გაცილებით მასშტაბურ პროექტს - Firebird-ს.
Firebird-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ მიერ მიღებული ჩიპების რაოდენობა ორჯერ აღემატება იმ კვოტას, რაც აშშ-მა თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების შემდეგ საუდის არაბეთის სახელმწიფო გიგანტ "Humain"-ს გამოუყო - იმის მიუხედავად, რომ ერ-რიადის ფინანსური შესაძლებლობები სომხეთისას განუზომლად აღემატება.
"სომხეთს აქვს გამორჩეული ტექნიკური ტალანტი და ცოცხალი, მზარდი ინოვაციური ეკოსისტემა. ჩვენ ვიცით, რომ სომხეთს შეუძლია შექმნას ეკონომიკური შესაძლებლობები, რაც თავის მხრივ აძლიერებს რეგიონულ კავშირებს და ხელს უწყობს მდგრადი სტაბილურობის საფუძვლის შექმნას", - აცხადებენ Nvidia-ში.
სტარტაპის დამფუძნებლის, რაზმიგ ჰოვაგიმიანის თქმით, "მშვიდობა და რეგიონული სტაბილურობა ქმნის საუკეთესო ნიადაგს ინვესტიციების, ინოვაციებისა და გლობალური პარტნიორობის აყვავებისთვის".
დღეს რაზდანში მომუშავე მონაცემთა ცენტრი იყენებს ჩიპებს, რომლებიც, როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ერევანში ვიზიტისას აღნიშნა, "მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში უბრალოდ არ არსებობს".
























