საქართველოს მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ფორსმაჟორის გამო, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ნებართვა გზშ-ის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მიანიჭა. მთავრობის 8 მაისის განკარგულების თანახმად, აღნიშნული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე არის აუცილებელი. ახალი ხიდი მდინარე არაგვზე არსებული ხიდის პარალელურად აშენდება.
ამასთან, როგორც გასულ კვირას გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, არსებული ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც დაიწყო, რის გამოც, 8 მაისიდან, 10 დღის განმავლობაში, ხიდის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე მოძრაობა იზღუდება ღამის საათებში: 22:00 საათიდან - 07:00 საათამდე. დღის საათებში კი მოძრაობა იქნება ორ ზოლზე.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე არსებულ ხიდზე 2023 წლის დეკემბერში დაზიანდა ხიდის ფილა, ხოლო 2024 წლის მარტის თვეში დაზიანების ხარისხმა საგრძნობლად იმატა, რამაც გამოიწვია ფილის ჩავარდნა.
2023 წლის დეკემბრიდან 2025 წლის 2 აპრილამდე სავალი ნაწილის ფილა სხვადასხვა ადგილზე ლოკალურად 8 ჯერ დაზიანდა, მათ შორის, ხიდის ფილის აღდგენის მიზნით, სამჯერ საჭირო გახდა ხიდზე 10 დღიანი პერიოდით, ერთი სამოძრაო ზოლის შეზღუდვა, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების მიზნით. ხიდზე მიმდინარეობდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი.
ხიდის გამოკვლევა - გამოცდის შედეგების მიხედვით, არსებული დაზიანებული ელემენტების და დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, ახალი დაზიანებების გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს სახიდე გადასასვლელის აღდგენას და საჭირო არის უფრო მასშტაბური სამუშაოების განხორციელება, რაც გამოიწვევს ხიდის ჩაკეტვას 1 წელზე მეტი პერიოდით,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გაგზავნილ წერილში.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდი 1973 წელს არის აგებული. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი დაჯდება ახალი ხიდის მშენებლობა.




























