ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 30-მდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია - ამის შესახებ ლენტეხის მერიაში BM.GE-ს განუცხადეს.
საუბარია ორი თემის, ჩოლურისა და ლაშხეთის სოფლებზე.
BM.GE საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც ესაუბრა, სადაც განაცხადეს, რომ ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, პარალელურად ხორციელდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.
"მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა", - განაცხადეს გზების დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი საყდრის ხიდის მიმდებარედ მდინარის ადიდება გახდა, რის შედეგადაც წყალი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა, დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და შესაბამისი უწყებების მითითებებს.




























