მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მძღოლებში არის განცდა, რომ ეს გარკვეული ბეგარაა“ - რატომ ვერ შედგა ტექინსპექტირების რეფორმა?

635bef5f79889
ელენე გოგბერაშვილი
29.10.22 15:13
868
მიუხედავად იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ოთხი წელია ქვეყანაში სავალდებულოა, დღეს არც თუ ცოტა მძღოლი ქალაქში ისევ გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდება. არასათანადო ადმინისტრირებისა და დაბალი საჯარიმო სანქციების გამო, მოქალაქეების ნაწილი ინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდას ამჯობინებს. რეფორმის მიმართ, არც თუ უსამართლოდ საკმაოდ ბევრი კრიტიკა ისმის. ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სისტემური ხარვეზების გამო დღეს ქვეყანაში რეგისტრირებული მილიონნახევარი ავტოსატრანსპორტო საშუალების მხოლოდ 48%-მდე აკმაყოფილებს ტექდათვალიერების მოთხოვნებს, სამწუხაროდ მათ შორის არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოქალაქეები, მაგალითად, ნაქირავები საბურავებით გადიან ინსპექტირებას, შემდეგ კი ქალაქში კვლავ გაუმართავი ავტომობილებით გადაადგილდებიან.

„რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარი გადის ინსპექტირებას. აქ რამდენიმე მიზეზია, ეს შეიძლება იყოს არასრულყოფილი ადმინისტრირება, აღრიცხვის არასწორი მეთოდი, ანუ ნახევარი შეიძლება იყოს რეგისტრირებული, შეიძლება ყველა არ დადის გზებზე, ან ზოგიერთი ფიზიკურად აღარ არსებობს. ეს რეფორმა არ იარსებებს და ვერ განვითარდება, თუ ადმინისტრირება არ მოჰყვება, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ ტექდათვალიერება ნებაყოფლობითი იყო 2004 წლის შემდეგ და არცერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ მისულა ტექინსპექტირებაზე, შესაბამისად თუ ხდება სავალდებულო, სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის.

მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა. ამ კუთხით ფაქტობრივად არაფერი კეთდება. მძღოლებში არის განცდა, რომ ეს არის რაღაც გარკვეული ბეგარა, რომელსაც იხდიან ყოველ წელს, რომ მათ აიღონ ნებართვა გზებზე სამოძრაოდ“, - აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი, ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი კი ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 48% გადის ტექინსპექტირებას, ვერ მივიღებთ იმ ეფექტს, რაც ამ რეფორმიდან არის მოსალოდნელი. "სისტემური მიდგომაა განსახორციელებელი, რა თქმა უნდა აღსრულება უნდა იყოს სათანადო დონეზე, მაქსიმალურად უნდა იყოს მოცული ქვეყანა კამერებით და ეს კამერები მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს ჩართული, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მომართვიანობის რაოდენობა გაიზარდოს“,- აცხადებს შიოლაშვილი.

იმას, რომ ტექინსპექტირების რეფორმა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს ხარვეზიანია, აცნობიერებს საკანონმდებლო ხელისუფლებაც. დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე სანქციები გამკაცრდება. ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის არსებული პირველადი ჯარიმა, რომელიც დღეს 50 ლარია, უცვლელად დარჩება, მაგრამ თუ სუბიექტი პირველი დაჯარიმების შემდეგ ტექდათვალიერებას მაინც არ გაივლის, მათ 150-დან 700 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

გარდა საჯარიმო სანქციების ზრდისა, პარლამენტი კიდევ ერთ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს. როგორც გარემოსდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ რამდენიმე დღის წინ bm.ge-სთან განმარტა, მაგალითად თუ ვიზუალურად გამოხატულია, რომ ავტომობილი გაუმართავი გადაადგილდება, ის დაჯარიმებას დაექვემდებარება.

ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები დაანონსებულ ცვლილებებზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან მათი შეფასებით, ამან დიდი ალბათობით ავტომფლობელები უნდა აიძულოს ტექინსპექტირებას თავი არ აარიდონ.

„როგორც წესი იძულება ნეგატივთან არის დაკავშირებული, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა. ასევე, თუ გვინდა ამ რეფორმამ წარმატებას მიაღწიოს, ის მეთოდი, რაც ტექინსპექტირების ცენტრებშიც არის დანერგილი ( ვიზუალური გამონაბოლქვით ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გადის, აქ საუბარია გარკვეული შეფერილობის კვამლზე და არა კონდენსატზე) თუ ამ კომპონენტს გადავიტანთ გზებზე და შემოვიღებთ ადმინისტრირებას ამ მიმართულებით, ეს ნიშნავს რომ მოჭარბებული კვამლიანობის ავტომობილი გზებზე ავტომატურად დაჯარიმდება და მას ექნება ვალდებულება გამოსწორების. მოჭარბებული კვამლიანობა ნიშნავს, რომ ავტომობილი არის გაუმართავი და ის აფრქვევს მავნე ემისიებს ატმოსფეროში“, - აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

„ვფიქრობ, ჯარიმების გაზრდას დადებითი ეფექტი ექნება, რადგან ის მოცემულობა, რომ დაახლოებით 600 000 ჯარიმაა გამოწერილი და მიუხედავად ამისა, მაინც დაბალია მიმართვიანობა, მიუთითებს, რომ შეცვლილია მოქალაქეების ქცევა და ხშირ შემთხვევაში მათ ურჩევნიათ ჯარიმების გადახდით იმოძრაონ გზებზე, ვიდრე გაიარონ ინსპექტირება“,-აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.

რაზეც ტექინსპექტირების ორგანოების წარმომადგენლები საუბრობენ, კარგად ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაშიც.

2018 წლიდან მოყოლებული საგრძნობლად არის გაზრდილი ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ჯამურად ნახევარ მილიონზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები