მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მე-12 კლასის გაუქმება საჯარო და კერძო სკოლებს შორის უთანასწორობას გააღრმავებს - თინა თოფურია

UG სკოლა

UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსი, თინა თოფურია, განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მე-12 კლასის გაუქმება საჯარო და კერძო სკოლებს შორის არსებული განსხვავებების კიდევ უფრო გაღრმავებას გამოიწვევს.

როგორც თოფურიამ BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” განაცხადა, თუ რეფორმა ამ ფორმით გაგრძელდა, მე-12 კლასში სწავლა მხოლოდ შედარებით შეძლებული ოჯახების შვილებისთვის ექნებათ შესაძლებელი.

„ძალიან ბუნდოვანია, ვისი შვილები შეძლებენ მე-12 კლასის დასრულებას. იქნება ეს ვაკე-ვერის, შედარებით შეძლებული ოჯახების ბავშვები. ეს შექმნის არათანაბარ პირობებს და კიდევ ერთხელ დააზარალებს საჯარო განათლების სისტემას,“ - აღნიშნა თოფურიამ.

მისივე თქმით, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები არღვევს თანასწორი შესაძლებლობების პრინციპს და სოციალურ უთანასწორობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

„როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი, შემეძლო საერთოდ არ ამომეღო ხმა და მეთქვა, რაც უნდათ, ის უქნიათ, რადგან რაც უფრო დაინგრევა საჯარო სისტემა, მით უფრო გაიზრდება კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა. მაგრამ, რადგან გვტკივა გული ქვეყნის მომავალზე, ამიტომ ვსაუბრობთ. ეს ეხება მთელი ქვეყნის ბავშვების მომავალს,“ - განაცხადა თოფურიამ.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სკოლები 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდნენ. ირაკლი კობახიძის არგუმენტები ასეთია: სწავლის დასრულება 11 წელიწადში საკმარისია და მიზანია, ახალგაზრდების შენარჩუნება საქართველოში და მიგრაციის შემცირება; თუმცა, "ოცნების" პრემიერმა არ გამორიცხა, რომ სურვილის შემთხვევაში, მე-12 კლასის დამთავრების შესაძლებლობაც დატოვონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები