"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორშიც გრძელდება.
„რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით - რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის გამოშვება, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებელი, რომელიც მესამე კვარტალში დაახლოებით 26 ათასით, ანუ 3%-ით გაიზარდა და 814 ათასს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, სამუშაო ადგილები გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ექსპორტის მიმართულებით“, - განაცხადა ცინცაძემ.
მისივე თქმით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნესს სექტორის პოზიტიურ ტენდენციებს ის სწორი და მიზანმიმართული მხარდამჭერი მექანიზმები განაპირობებს, რომლებიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზეა ორიენტირებული და სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ახორციელებს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო კერძო სექტორისთვის ბიზნესს საქმიანობების ზრდისა და გაფართოების თვალსაზრისით კვლავ მიმზიდველია. ყველა რეკორდული მაჩვენებელი სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ყოველივე ზემოაღნიშნული რა თქმა უნდა, იმ შედეგებს განაპირობებს, რაც ბიზნესს სექტორში ფიქსირდება“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ვრცლად: მე-3 კვარტალში ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2421 ლარამდე გაიზარდა




























