მე-3 ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი დამტკიცდა. დადგენილება განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის და მის გაცემაზე უარის თქმის წესსა და პირობებს. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანებართვო დოკუმენტები გადამზიდავ კომპანიებზე მხოლოდ შესაბამისი ასოციაციების გავლით გაიცემა, შესაბამისად, იმისთვის, რომ გადაზიდვისთვის საჭირო ნებართვა კომპანიამ მოიპოვოს შესაბამისი ასოციაციის წევრი უნდა იყოს.
ახალ რეალობაში პრობლემების მოგვარების იმედი აქვს საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომელიც ამბობს, რომ ნებართვებს სახმელეთო სააგენტო პროპორციულად 3 ასოციაციაზე გადაანაწილებს, რომლებიც ნებართვებს წევრ კომპანიებს გადასცემენ. მისივე განმარტებით, არსებობს დაპირება, რომ ქვეყნებს შორის არსებული კვოტების გაზრდაზე მოლაპარაკებებში ასოციაციებიც უნდა ჩაერთონ.
“პირობითად თუ ერთი ასოციაცია ფლობს 2000 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, მეორე 1500-ს ხოლო მესამე 1000-ს შესაბამისი პროპორციებით გადანაწილდება კვოტირებული ნებართვები. ასოციაციები კი უკვე თავის წევრებთან განსაზღვრავენ რომ გასცენ ეს ნებართვები. პროცესი საცდელია, მაგრამ იმედის მომცემია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვქონდეს წვდომა ინფორმაციაზე თუ რა რაოდენობის ნებართვების მოპოვება შეგვიძლია ამა თუ იმ ქვეყნიდან და გვექნება ასევე კარგი იქნება თუ გვექნება შესაძლებლობა საკუთარი ბერკეტებიც ჩავრთოთ ამ კვოტების გაზრდაში,”- ამბობს საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე.
TOPTRANS-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი ზურაბ კვარაცხელია დადებითად აფასებს პროცესებში კერძო სექტორის როლის ზრდას, თუმცა საუბრობს რისკებზე, რომელიც შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს.
მისი თქმით, პროცესებში მნიშვნელოვანია სამართლიანად მოხდეს ნებართვების გადანაწილება და არ ჰქონდეს ადგილი მიკერძოებულ დამოკიდებულებას კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებთან მიმართებით.
ამასთან, კვარაცხელიას თქმით, ამ წესში ისევ არ ჩანს მკაფიოდ თუ რა პერიოდულობით მოხდება ნებართვების გაცემა და რა იქნება კვოტის რაოდენობა, რომლით სარგებლობასაც ბიზნესი შეძლებს, რაც ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ნაწილში პრობლემატური საკითხია.
“დიდ პერპექტივებს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ აქ არის მოცემულობა მარტივი. უნდა იყოს ცნობილი რა რაოდენობის კვოტა იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასაცემი. ასევე ვის რა რაოდენობის ნებართვის აღების შესაძლებლობა ექნება. მეორე რა ინტენსივობით გაიცემა ეს კვოტები და საინეტერესოა საერთო რაოდენობა ამ კვოტის, რომ განსაზღვროს კომპანიამ რამდენად უნდა იყოს მისი ინტერესის სფერო მესამე ქვეყანაში კონკრეტული ტვირთის წაღება.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 1000 მძღოლთან უშუალო კომუნიკაცია გაუჭირდება და ასოციაცია ამ ფუნქციას შეითავსებს, თუ კარგად შეითავსებს კარგი პირობაა, მაგრამ მთავარია აქაც სუბიექტური მიზეზები არ იყოს წამოწეული და არ იყოს კონკრეტული პირების მხრიდან მანიპულაციები, რაც მე, სამწუხაროდ, ვიგრძენი,”- ამბობს TOPTRANS-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი ზურაბ კვარაცხელია.
ბიზნესის მოლოდინია რომ მომდევნო 2 კვირაში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ დარჩენილი ნებართვების ნაშთი უნდა დაითვალოს და 3 ასოციაციაზე გაანაწილოს. მათი თქმით, ასოციაციების გავლით ნებართვების გაცემა არაუგვიანეს 15 ივნისისა დაიწყება.