ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვები იზრდება - ამ ეტაპზე ორმხრივი ტრანზიტული ნებართვების კვოტა თითქმის სრულად არის ათვისებული, რაც ტვირთბრუნვის 40%-იან ზრდაში გამოიხატა.
კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩინეთთან ორმხრივი ნებართვების კვოტის გაზრდას მიესალმებიან და გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე გამოწვევებზე მიანიშნებენ. TOPTRANS-ის აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ კვარაცხელიას თქმით საბაჟოზე ტვირთის შეფერხების შემთხვევები უკვე არის, რაც მისი თქმით გადაზიდვას აძვირებს და ვადებს ახანგრძლივებს.
“ჩინეთის მიმართულებით საკმაოდ გაზრდილია გადაზიდვების მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია ჩინეთიდან იმპორტირებული ტვირთების რაოდენობით, მათ შორის საამანათო მცირე ზომის ტვირთები, ძალიან მოთხოვნადი არის საქართველოში. ყოველდღიურად იზრდება ეს აქტივობები, რაც მისასალმებელია, მოქნილი გადაზიდვა ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველთვის ხელის შემწყობი ფაქტორია, იმიტომ რომ მიმღები დროულად მიიღებს ტვირთს.
ერთადერთი რისკი, რომელიც შეიძლება წარმოშობილი იყოს არის მანქანაში არსებული ტვირთების რაოდენობით გამოწვეული, რაც გულისხმობს მიმღებების დიდ რაოდენობას. პირობითად, ერთ მანქანაში შეიძლება იყოს 50, 80 ან 100 მიმღების ტვირთი, საზღვრის კვეთის დროს დოკუმენტური გაფორმების პროცესი, რომელიც მიმღებთან არის დაკავშირებული და ტვირთის სპეციფიკასთან შეიძლება გაპრომლებდეს, რადგან არის ბევრი არა აპრობირებული ტვირთი, რომელიც სახმელეთო გზით არ წამოსულა. მათ შორის გამავალი ქვეყნები არის, ზოგ შემთხვევაში რუსეთი, აზერბაიჯანი და იქაური მებაჟეები, როგორ რას შეამოწმებენ და რას გააპრობლემებენ ეს არავინ არ იცის. იყოს ამის გარკვეული ფაქტები და იმედია სტაბილური სახე არ მიეცემა ამ ყველაფერს,”- ამბობს TOPTRANS-ის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კვარაცხელია.
გადაზიდვების შეყოვნებაზე საუბრობენ დარგობრივ ასოციაციაშიც და ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად პრობლემის გამწვავებას ელოდებიან, თუ სახელმწიფოების მხრიდან კოორდინირებული მუშაობა არ იქნება. საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე გვიხსნის, რომ განსაკუთრებით პრობლემური აზერბაიჯანია, სადაც ტვირთები 15-20 დღე ყოვნდება.
“გაზრდილმა ინტერესმა გამოიწვია შეფერხებები საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაიზარდა მოლოდინის რეჟიმი. ჩინეთის მიმართულება მხოლოდ საქართველოს არ გულისხმობს, აქ მთელი რიგი ქვეყნებია რეგიონის ჩართული და თუ არ იქნა კოორდინირებული მუშაობა ქვეყნებს შორის კონკრეტულად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და თავსებადობაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე ასეთი ნაკადი გამოიწვევს საცობებს და შეფერხებებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.
მაგალითად ამ პერიოდისთვის აზერბაიჯანის პორტში მოლოდინის საშუალო დრო 15-20 დღეა, ანუ ავტომობილი, რომლებიც ჩადის ადგილზე ბორანის მოლოდინში, რომ გადაკვეთოს კასპიის ზღვა, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია და იწვევს შეფერხებებს,”- ამბობს ირაკლი ნემსაძე საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე.