„მეხუთე მუხლით კრემლის დედანი თქვენს რუსულ კანონს არა მხოლოდ შინაარსით, არამედ სათაურითაც კი ემთხვევა“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
„ძალიან მაინტერესებს, ამ დამთხვევას როგორ ხსნით, ბატონო ანრი? ახლაც იკითხავთ ნეტავ, ამ კანონის რომელი მუხლია რუსული? მეხუთე მუხლია რუსული, რადგან კრემლის კანონის მსგავსად მიზნად ისახავს კონკრეტული ადამიანების აგენტებად, ჯაშუშებად, მოღალატეებად საჯაროდ შერაცხვას. სწორედ ასეთი უცხო ქვეყნის აგენტების რეესტრი შექმნა პუტინმა, სწორედ ასეთი რეესტრი შექმნა კრემლმა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აღსანიშნია, რომ "რუსული კანონის" მეხუთე მუხლი "განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფას" ეხება, რომელშიც წერია:
1. განაცხადი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოს ამ სუბიექტის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადის, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, ხოლო არსებობის შემთხვევაში აგრეთვე აღნიშნული სუბიექტის მოქმედი წესდების, მისი სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და საჯარო რეესტრიდან ამ სუბიექტის შესახებ ბოლო ამონაწერის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
ცნობისთვის, საპარლამენტო განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დეპუტატი უკვე გააფრთხილა და სამი დეპუტატი - თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი და გიორგი ბოტკოველი დარბაზიდან გააძევა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატები საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასმის ნაცვლად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და თუ პროცესი ამ რეჟიმში გაგრძელდება, ის შეწყვეტს კითხვების დასმას და მომდევნო მუხლის გადასვლაზე გადავა.