საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ხვალ თვითმმართველობის არჩევნებზე წასვლას არ აპირებს და ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე მივა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დიდი მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც დღემდე მოდის, ხვალაც გაგრძელდება. ეს ის მთავარი ძალაა, რომელსაც ეს რეჟიმი ვერ მოერია. ზოგჯერ ბევრი ხალხია, ხან მეტი, ხან ნაკლები, მაგრამ რეჟიმი ვერ მოერია ამ ძალას, რადგან ვერ გამოიყვანა მწყობრიდან. ხალხი დადის, დგას და იქამდე იდგება, სანამ ჩვენ იმ მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ მივიღებთ, რომელიც რჩება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და ამ რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლა, რომელმაც ევროპული მომავალი წაგვართვა.
მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე, როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან მთავარ აქციაზე და კიდევ ვიქნები, სანამ საჭირო იქნება ბოლომდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
4 ოქტომბერს, საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. 15 საათზე სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან მარშით რუსთაველს გამზირისკენ წამოვლენ. ამავე დროს ემიგრანტები ფილარმონიიდან რუსთაველის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ და ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბებიან. 18 საათზე კი ერთიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.




























