საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეჟიმზე გამარჯვება მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი და არა კონკრეტული გეგმებით, რომელთა მოთხოვნაც მასობრივად ისმის.
მისი თქმით, , საზოგადოების შიგნით აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, თუმცა გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა საერთო მიზანი უნდა დადგეს.
„პასუხი ყველაფერზე არის ერთობა - ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა - ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი და ვერავინ მაშინ ვერ შეიტანს რამე უთანხმოებას, ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებთ. გასაგებია, რომ სხვადასხვა აზრი უნდა არსებობდეს და იყოს ამ აზრებს შორის დისკუსია - ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი, სადაც ერთობა არის იქ ვარ მე და არსად სხვაგან. მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ'', - თქვა ზურაბიშვილმა.
,მისივე განცხადებით, ერთობის შედეგები უკვე თვალსაჩინოა მმართველ პარტიაშიც.
„შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობაა ერთი მეორესი. ვიღაცის ჩამოშორება, კორუფციაზე თემის ამოწევა მხოლოდ შიდა ბრძოლისთვის კეთდება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ეს პროცესი ახასიათებს დიქტატორულ რეჟიმებს დაშლის ფაზაში:
„ეს არის დიქტატორული რეჟიმის ბოლო ეტაპი. რაც უფრო იშლებიან, მით უფრო სჭირდებათ ძალის დემონსტრირება — ახალი ჯარიმები, ახალი რეპრესიული კანონები, დაპატიმრებები. მაგრამ ეს მოჩვენებითია – ძალას ვერ იბრუნებენ და ვერც დაიბრუნებენ“, – განაცხადა მან.
ზურაბიშვილმა საერთაშორისო იზოლაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მოქალაქეებისგანაც და მსოფლიოდანაც სრულიად მოწყვეტილია:
„საზოგადოებისგან სრულ იზოლაციაში არიან. ვერავის შეკრებენ საკუთარი ნებით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რეგიონში ჩავიდა და არც გამოუხედავს ამათკენ. ეს არის ამათი რეალური მდგომარეობა — სისუსტე, დაშლა, ჩამოშლა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებასთან მიმართვაში.




























