მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ძალიან ქართული - პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს

სალომე ზურაბიშვილი

არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული - ამ გზას გავივლით ერთად! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ, მადლობა გადაუხადა.

„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან.მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი. არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“ - წერს ზურაბიშვილი.

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები, რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციასთან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.

"ქართულმა ოცნებამ" წელს პარლამენტს ხელახლა წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიღებაც 2023 წლის მარტში მოსახლეობის მასშტაბური პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ ვერ მოახერხა. ამჟამად "ოცნების" ლიდერები, პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ. ამასთან, თუკი გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირებული იყო "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული "ხალხის ძალის" მიერ, წელს კანონპროექტის ინიციატორი უშუალოდ "ქართული ოცნებაა".

კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები