მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ. “რუსული კანონის” საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი

აქცია

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, „სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ. „რუსული კანონის“ საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი“.

2025 წლის 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “მედიაომბუდსმენს” წერილობით აცნობა, რომ დაიწყო წარმოება ე.წ. “რუსული კანონის” საქმეზე.

საქმე “კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის“ (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ. მედიის მუშაობაში ხელშეშლით ძალოვანები ცდილობდნენ არ გასაჯაროვებულიყო მშვიდობიან მოქალაქეთა დარბევის და ძალის გადამეტების შემთხვევები.

„მედიაომბუდსმენის“ დახმარებით, მედიის წარმომადგენლებმა სტრასბურგს 2025 წლის ზაფხულში მიმართეს. დავა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. ესენია:

  • სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
  • გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
  • სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).

სტრასბურგში საჩივრის გაგზავნამდე, არცერთი მოძალადე პოლიციელი არ ყოფილა იდენტიფიცირებული და დასჯილი. საგამოძიებო უწყებას არ გამოუკითხავს საქმესთან შემხებლობაში მყოფი არცერთი ძალოვანი.

საქმის მასალებს თან ერთვის „მედიაომბუდსმენის“ მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი: „რუსული კანონის საქმე“

“მედიაომბუდსმენი” აგრძელებს კრიტიკული მედიის სამართლებრივ დახმარებას. გვჯერა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებებს განსაკუთრებული გავლენა ექნება საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადასარჩენად. ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები