მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

83 მხარდამჭერი - პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის განხილვა გუშინ დაიწყო და დღეს კენჭისყრით დასრულდა. კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი არავინ იყო.

კანონპროექტი საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ წარუდგინა. სხდომა დღესაც და გუშინაც საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. იყო დაკავებებიც.

მამუკა მდინარაძეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, არაერთი არგუმენტი წარუდგინეს, თუ რატომ არის კანონი რუსული და რატომ გამოიწვევს ის ორგანიზაციების გაქრობას, თუმცა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, რომ დღეს არცერთი არგუმენტი არ მოუსმენია იმის შესახებ, თუ რატომ არის კანონი რუსული.

"ქართულმა ოცნებამ" წელს პარლამენტს ხელახლა წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიღებაც 2023 წლის მარტში მოსახლეობის მასშტაბური პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ ვერ მოახერხა. ამჟამად "ოცნების" ლიდერები, პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ. ამასთან, თუკი გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირებული იყო "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული "ხალხის ძალის" მიერ, წელს კანონპროექტის ინიციატორი უშუალოდ "ქართული ოცნებაა".

კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები