მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შეუშვეს ონლაინ მედია პარლამენტში? - პაპუაშვილის პასუხი

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მედიასთან ინციდენტზე საუბრობს, როდესაც ონლაინ მედია პარლამენტში არ შეუშვეს და ამბობს, რომ მათი მიზანი არა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება, არამედ მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება იყო, რაც აკრედიტაციის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

საქმე ის არის, რომ უკვე მეორე დღეა, პარლამენტში ონლაინ მედიის და რადიოს ჟურნალისტებს არ უშვებენ. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი - უსაფრთხოებაა.

მისი ინფორმაციით, მედიის პარლამენტში ყოფნის მიზანი უწყებაში მიმდინარე პროცესებისა და საქმიანობის გაშუქებაა, რისთვისაც აკრედიტაცია არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარლამენტში 340 ჟურნალისტია აკრედიტებული, აქედან 290 ტელე-მედიის ჟურნალისტია, 17 ტელევიზიიდან.

„გუშინ, ჯერ კიდევ ბიუროს სხდომაზე, ონლაინ მედია „პუბლიკას“ ჟურნალისტი პარლამენტის შენობაში იმისათვის იყო შემოსული, რომ პროტესტი პლაკატით გამოეხატა. მისი მიზანი, არა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება, არამედ პროტესტის გამოხატვა და მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება იყო.

გასაგებია, უნდათ პროტესტის დაფიქსირება, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ჟურნალისტური აკრედიტაციით არ უნდა ისარგებლო ბოროტად, შეხვიდე შენობაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, შენი მოქალაქეობრივი, პროფესიული თუ სხვა პოზიციის დასაფიქსირებლად. მათ შეუძლიათ პროტესტი გარეთ, საჯაროდ გამოხატონ, რაც შეეხება შიგნით შემოსვლას და აქ პროტესტის გამოხატვას, პირველი ეს არის სწორედ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა.

რაც შეეხება მეორე რეგულაციას, რომელიც ეხება ვიზიტორებს, ანუ ყველა ვინც არ არის პარლამენტის თანამშრომელი, იცით რომ ეს რეგულაციები არსებობს უსაფრთხოებასთან და სამუშაო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. იქაც არის შესაბამისი შეზღუდვები, რომ სამუშაო გარემო ჰქონდეს ყველას. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო გარემო და ეს არ არის სივრცე, აქციების ჩასატარებლად. ამისთვის არსებობს სივრცეები, სადაც შეიძლება აქციების ჩატარება და ხმის მოწვდენა პარლამენტისთვის. რაც შეეხება პარლამენტის შიგნით, ეს არის მათ შორის ჩემი პასუხისმგებლობა კონსტიტუციითაც, რომ უზრუნველვყო ყველა აპარატის თანამშრომლის, ყველა დეპუტატის და მათ შორის ვიზიტორის სამუშაო გარემო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე ცნობით, პარლამენტს ჟურნალისტებმა შეძახილებითა და პლაკატებით წრეები არტყეს, შესაბამისად, მათ არა ჟურნალისტური ინტერესი, არამედ მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება სურდათ და პარლამენტის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორი იყო.

ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

გუშინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურის ფონზე ჩატარდა.

კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

ხვალ პარლამენტში მხოლოდ ტელევიზიებს დაუშვებენ, დანარჩენ მედიას - არა

16 აპრილს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები