ხვალ პარლამენტში მხოლოდ ტელევიზიებს დაუშვებენ, დანარჩენ მედიას - არა. აღნიშნული Bm.ge-ის პარლამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. კითხვაზე - რა გახდა დანარჩენი მედიის შეზღუდვის მიზეზი - განაცხადეს, რომ "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება".
ცნობისთვის, დღეს საღამოს პარლამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხვალ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.
"„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ე.წ. რუსული კანონის განხილვა, ხვალ 10:00 საათზე იურიდიულ კომიტეტში დაიწყება. პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციები.