თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის კითხვაზე, ემუქრება თუ არა ევროპულ ბანკებში დაცულ მის ქონებას საფრთხე, უპასუხა, რომ მათ არ უნდა ინერვიულონ ამ თემაზე, რადგან თავად თბილისის მერი არ ნერვიულობს ამ საკითხზე.
მისივე თქმით, მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს, შესაბამისად ვინმე დასანქცირდება თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„არ ინერვიულოთ ჩემზე კაცო, მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ, გთხოვთ. თქვენ ახლა სპეკულირებთ და გინდათ [საკითხი] რაღაცნაირად შეფუთოთ. რეალობა სახეზე გვაქვს. ადამიანმა [ბიძინა ივანიშვილმა], რომელმაც ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა. შესაბამისად, ვიღაცას დაასანქცირებენ ან არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჯერ ნახეთ ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს ადამიანს, გაძარცვეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაძარცვეს და [ევროპულ ბანკებს] რატო უნდა ვენდო? რა თქმა უნდა არ ვენდობი“,-აცხადებს კალაძე.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, არის თუ არა ის პირადად სანქცირებული, რაზეც კალაძემ პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„რა ვიცი, ხომ გვითხრეს, 60 ადამიანი სანქცირებული ხართო. პირადად არ უთქვამთ. არ ვიცი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის“, - აღნიშნა კალაძემ.