"მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს - თავისი... ომი უკრაინაში მიმდინარეობს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქმე ის არის, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით, პრეზიდენტმა დღეს უკრაინის მოვლენებზე სამსჯელოდ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია, მაგრამ „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ და შესაბამისად, ჩაიშალა. ოპოზიცია პარლამენტში პრემიერის მისვლას ითხოვდა.
„მე, რა თქმა უნდა, პარლამენტში არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, ეს ერთი და მეორე - უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრის მომცემი. პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს", - აღნიშნა პრემიერმა.
აქვე პრემიერმა თქვა, რომ უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში მოწვევას არ აპირებს, რისკენაც ასევე გუშინ პრეზიდენტმა მოუწოდა.




























