მე მგონი, ეს პროტესტი ["კოკა-კოლას“] ქარავანს ჯობია, - ამის შესახებ Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა „მთავარის“ ეთერში. როგორც მან აღნიშნა, ის ამაყობს, რომ უკვე 1 თვეა უწყვეტად გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები სამართლიანი და გულწრფელია.
"ქარავანს შემოჰქონდა სხვა მომავლის წინათგრძნობა, ამ პროტესტებს გაცილებით სხვა დატვირთვა აქვს და საუკეთესოა... ჩემთვის ყოველ შემთხვევაში... მე მეამაყება, რომ ამდენი ადამიანია. დღეებს ნუ ვითვლით, ვინაიდან დათქმულია, რომ სანამ შედეგი არ იქნება, ეს პროცესი გაგრძელდება, რაც არის ძალიან საამაყო, იმიტომ რომ ადამიანების მოთხოვნა არის აბსოლუტურად გულწრფელი, სამართლიანი, მამოტივირებელი, ინტელექტუალური, შვილების დაცვაზე და მომავალზე გათვლილი. ეს უფრო ამაღელვებელია, ვიდრე ნებისმიერი ქარავანი, რომელიც კარგ სარეკლამო კამპანიად შეიძლება ჩაითვალოს“, - ამბობს თემურ ჭყონია.
მისივე თქმით, მიზეზი იმისა, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები არ დაიღალნენ, არის ის, რომ ისინი სასიამოვნო საქმეს აკეთებენ. „საზოგადოება როგორ შეიძლება დაიღალოს?! ადამიანი იღლება მაშინ, როდესაც არასასიამოვნო საქმეს აკეთებს და არასასიამოვნო ტვირთი აქვს. როცა შენ სასიამოვნოდ შრომობ და იცი, რომ ამ შრომის შედეგი იქნება წარმოუდგენლად სასიამოვნო, დაღლა რა შუაშია, იმიტომაც არ იღლებიან“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, Coca-Cola Bottlers Georgia-ს ყოველწლიური ტრადიცია საახალწლო ქარავნის სახით, წელს არ ჩატარდება. ამის შესახებ კომპანიამ 11 დეკემბერს განაცხადა და განმარტა, რომ მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.