იუსტიციის უმაღლესი სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა 32-ე კონფერენცია მიმდინარეობს.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განუცხადა, რომ თავად კეთილსინდისიერი მოსამართლეა და ე.წ. ვეტინგი კეთილსინდისიერებას არ ეხება.
" ჯერ საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ წლების განმავლობაში მიდის სასამართლოს დისკრედიტაცია, მიდის პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიდნენ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვისი ინტერესია? ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და საფუძველს, ის ადამიანები ცდილობენ, დაიქვემდებარონ სასამართლო.
მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორი, ზუსტად იმაზე რომ არის საუბარი, რომ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას იქიდანაც ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. ხომ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩატარდეს „ვეტინგი“ და გავიაროთ კეთილსინდისიერების ტესტი. წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები და წინასწარ გაქვს მოსაზრება გამოთქმული, მიზანმიმართულად იძახი, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე კეთილსინდისიერება არ გაინტერესებს“,- განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, მოსამართლეთა 32-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ.