თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის 26 მარტი საქართველოს ისტორიას ბევრი ფაქტორის გამო დაამახსოვრდება. პირველ რიგში, ეს დღე დიდ გამარჯვებასთან ასოცირდება, როცა საბერძნეთის ნაკრების დამარცხებით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხვდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. თუმცა უშუალოდ ამ მიღწევასთან ერთად, 26 მარტი არის დღე, როცა საქართველომ უდრეკი ერთიანობა აჩვენა, რაშიც დიდი წვლილი იმ მარკეტინგულმა კამპანიამ ითამაშა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გენერალურ სპონსორთან, “საქართველოს ბანკთან” ერთად წამოიწყო, სახელწოდებით “საქართველო ფორმაშია”. დიზაინმა, დადებითმა აურზაურმა და სლოგანებმა, რომლებიც ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, მთელი ქვეყანა აალაპარაკა.
თუმცა მანამ, სანამ ნაკრების სპონსორთა შორის “საქართველოს ბანკი” გამოჩნდებოდა, ამ მიმართულებით დიდი შრომა გასწია თავად ფეხბურთის ფედერაციამ, რომელმაც არანაკლებ მკაფიო და დასამახსოვრებელი სლოგანი - “მე ვარ საქართველო” შექმნა. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბრენდის დირექტორმა, თათა ბურდულმა “საქმიან საღამოში” განმარტა, ეს ბრენდი იმ პოზიტიური მოვლენების შედეგად შეიქმნა, რომლებიც, ბოლო დროს, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თავს გადახდა, იქნება ეს თაობათა ცვლა თუ ახალი მწვრთნელისა თუ სპონსორების გამოჩენა.
“ფეხბურთი ქართველი ერის იდენტობის ნაწილია - ამ საკითხს ასე აღვიქვამთ, რაც 26 მარტს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ორ-ნახევარი წლის წინ, ბრენდზე “მე ვარ საქართველო” დავიწყეთ მუშაობა და ეს ნამდვილად არ მომხდარა შემთხვევით, რადგან ყველაფერს სპორტული პრეისტორია ჰქონდა. 2016 წლიდან, ფეხბურთის ფედერაციას აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ეროვნული ნაკლები გუნდები, ანუ შეიქმნა ერთიანი ფილოსოფია, რომელზედაც ყველა ნაკრები გუნდის განვითარება დაშენდა.
თაობათა ცვლა, ახალი მწვრთნელი და ახალი ტექნიკური სპორსორი, Macron-ის სახით, რომელმაც ნაკრებისთვის ახალი, უნიკალური დიზაინის ფორმების შექმნა შეგვაძლებინა - ასეთი შესაძლებლობა ნაკრებს სულ მცირე გასული 15 წლის განმავლობაში არ ჰქონდა. ბევრი რამ ერთმანეთს დაემთხვა და სლოგანი “მე ვარ საქართველო” ამ მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენების დამთხვევამ შექმნა.
ჩვენი აღქმით, ფეხბურთს დაკონკრეტება არ სჭირდებოდა, რადგან როცა ეროვნულ ნაკრებს ვამბობთ, ფეხბურთს ვგულისხმობთ. გვინდოდა შეგვექმნა ბრენდი, რომელიც ყველას გააერთიანებდა და თითოეულ ქართველს, მათ შორის გულშემატკივარს, ფეხბურთელს, მწვრთნელს, მსაჯსა და ჟურნალისტს მის წილ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ააღებინებდა და ათქმევინებდა, რომ ცვლილება საკუთარი თავიდან იწყება.
აი, ამ პროცესში კიდევ ერთი დამთხვევა მოხდა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციისა და “საქართველოს ბანკის” დამეგობრებას გულისხმობს - ყველაფერი ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა ბრენდი “მე ვარ საქართველო” იქმნებოდა. ეს გზა ჩვენს გენერალურ სპონსორთან ერთად გავიარეთ”, - განაცხადა თათა ბურდულმა “საქმიან საღამოში”.