მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე ვიცი წარმატებული ბიზნესმენები, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც ოფშორიდან გადმოიტანა აქტივები - კაკაურიძე

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანის კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო უკვე დაადო ქვეყანაში ფულის გათეთრების რისკების მხრივ არაფერს არ ცვლის. ამასთან, კაკაურიძე უარყოფს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებთან არის დაკავშირებული. აღნიშნულის დასაბუთებისთვის გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ მისი ინფორმაციით არიან ოპოზიციასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებმაც ოფშორებიდან საქართველოში საკუთარი აქტივების გადმოტანა განახორციელეს.

"3 ათას კომპანიას აქვს ოფშორებთან კავშირი და ყველა მათგანი ნამდვილად არაა ბიძინა ივანიშვილის. მე ვიცი რამდენიმე წარმატებული ბიზნესმენი, მათ შორის ოპოზიციური ნაწილის, რომელსაც მსგავსი გადმოტანა უკვე გაკეთებული აქვს და გადასახადიც არ გადაუხდია, რადგან არ წარმოეშვა გადახდის ვალდებულება,"- აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს იმასაც, რომ ამ კანონის მიღებით სახელმწიფო ბიუჯეტს არცერთი თეთრი არ დააკლდება.

"გათვლებთან დაკავშირებით უნდა ესაუბროთ კანონის ინიციატორებს, რადგან ისინი არიან ავტორები. 3 ათასზე მეტი კომპანიაა, რომელსაც ოფშორული დამფუძნებელი ჰყავს და აქედან რა პროცენტმა შეიძლება გადმოიტანოს ამას დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით და თავად ინიციატორებს ჰქონდათ კომუნიკაცია. რაც შეეხება იმას, რომ ეს შეიძლება იყოს შავი ფულის გათეთრების გზა, ამას არეგულირებს სხვა კანონმდებლობა. აქ რომ იყოს შავი ფულის გათეთრება მოხდეს, კომპანიამ ხომ უნდა დაადეკლარიროს ქონება და ამ დეკლარირებისას უნდა მიეთითოს საიდან წარმოიშვა შემოსავალი, ასე რომ მე ცოტა მიკვირს, რომ საგადასახადო შეღავათები ფულის გათეთრებას შეუწყობს ხელს.

ეს კანონი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ვერ შეცვლის ვერანაირ მოცემულობას, ვინმეს თუ ფულის გათეთრება უნდა, გადასახადის გადახდის გარეშეც გაათეთრებს ამ ფულს. ეს კანონი არის საგადასახადო კოდექსი, რამდენი უნდა გადაიხადოს, ვინ უნდა გადაიხადოს და როდის უნდა გადაიხადოს.

ბიუჯეტს ამ ცვლილებით არცერთი თეთრი არ დააკლდება. ეს ქონება ამჟამად საქართველოში არაა, ხოლო თუ გადმოიტანენ ქონებას, გარკვეული პერიოდი არ გადაიხდიან. არ არსებობს ეს ქონება საქართველოში,

რაც მეტი აქტივი და კომპანია გადმოვა, კარგია თუ ცუდი საქართველოსთვის? რაც შეეხება რისკებს ამას არეგულირებს სხვა კანონმდებლობა,"- აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში კი ხაზგასმულია, რომ ეს კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ. პრეზიდენტის ვეტოში ნათქვამია რომ დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მოხდეს რუსეთის ფედერაციიდან ოფშორებში გატანილი “შავი ფულისა” და აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც “მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, დააზიანებს და გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასევე როგორც არაერთი სპეციალისტი მიუთითებს, ცვლილებები შესაძლოა იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად.”

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმულია, ოფშორული ზონების საგადასახადო შეღავათები ასევე აწესებს დისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების ადგილწარმოშობის მიხედვით, როდესაც ოფშორული ზონის პირი შეღავათით სარგებლობს, სხვა ქვეყანაში დაფუძნებულ პირებს, მათ შორის ქართულ იურიდიულ პირებს კი გადასახადების გადახდა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები