ყავის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია “მეამამ” 150-მდე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია BM.GE-ის კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაწოდეს. როგორც ისინი ამბობენ, კომპანიაში თანამშრომლების შემცირება ბოლო ერთი კვირაა, რაც დაიწყო.
“ჯამში, 150-მდე თანამშრომელი გაუშვეს. გვითხრეს, რომ 2-თვიან კომპენსაციას ჩაგვირიცხავენ”, - უთხრა bm.ge-ის ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა.
ამ ეტაპზე “მეამას” ყოფილი თანამშრომლები ქარხნიდან გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა გვითხრა, მიზეზი, სავარაუდოდ, კომპანიის ფინანსური პრობლემებია.
BM.GE ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომპანიის მენეჯმენტს დაუკავშირდა, მაგრამ, თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში კომპანიის საოპერაციო შემოსავალი ორჯერ გაიზარდა და მან 12.4 მილიონ ლარს მიაღწია. შემოსავლის მატება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რათა კომპანია მოგებაზე გასულიყო და 2020 წლის მსგავსად “მეამამ” წელი ზარალით დაასრულა. თუმცა, შემცირებულია კომპანიის ზარალი, რადგანაც ის 2020-ში 13.8 მილიონი იყო, 2021 წელს კი ის 9.6 მილიონს შეადგენდა.
“მეამას” მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, კომპანია ამჟამად 16 სახეობის ამერიკული და 16 სახეობის ევროპული ფორმატის ყავის კაფსულებს აწარმოებს. ასევე 9 სხვადასხვა გემოს მქონე ჩაის კაფსულებს და 4 სახეობის ნალექიან ყავას.
“მეამას” ყავის ქარხანა ოფიციალურად 2020 წლის თებერვალში გაიხსნა.




























