მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “მეამას”

645b93e0633bc
BM.GE
11.05.23 00:05
4144
"Meama ყავის კაფსულების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ქართული ბაზრის ათვისებასთან ერთად ყავის კაფსულების ექსპორტის ზრდასაც გეგმავს. Meama მომხმარებელს ევროპული და ამერიკული ფორმატის კაფსულებთან ერთად ყავის აპარატებს, მარცვლებსა და ჩაის პაკეტებს სთავაზობს.

საჯაროდ გამოქვეყნებულია კომპანიის 2021 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში კომპანიის საოპერაციო შემოსავალი ორჯერ გაიზარდა და მან 12.4 მილიონ ლარს მიაღწია. შემოსავლის მატება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რათა კომპანია მოგებაზე გასულიყო და 2020 წლის მსგავსად “მეამამ” წელი ზარალით დაასრულა. თუმცა, შემცირებულია კომპანიის ზარალი, რადგანაც ის 2020-ში 13.8 მილიონი იყო, 2021 წელს კი ის 9.6 მილიონს შეადგენდა.

“მეამას” მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, კომპანია ამჟამად აწარმოებს 16 სახეობის ამერიკული და 16 სახეობის ევროპული ფორმატის ყავის კაფსულებს. ასევე 9 სხვადასხვა გემოს მქონე ჩაის კაფსულებს და 4 სახეობის ნალექიან ყავას.

“მეამას" პროდუქტებს აღებული აქვს The Food Safety System Certification (FSSC 22000) და Bio organic სერტიფიკატები. ყავის მოყვარულებს მეამა გაყიდვის ინოვაციურ არხებს და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს "მეამას" პროდუქცია შეიძინოს მისთვის ყველაზე უფრო მოხერხებულ ადგილას, იქნება ეს კომპანიის ბრენდული სივრცეები, ელექტრონული კომერციის პლატფორმა, ქოლცენტრი, თუ გარე გაყიდვის არხები (Glovo, Wolt, Bolt).

B2B სექტორისთვის "მეამას" ინჟინრების მიერ შეიქმნა თანამედროვე "ვენდინგ" აპარატი - "დროფერი" და "მინი დროფერი", რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. აპარატი მარტივად, აპლიკაციიდან QR კოდის დასკანერებით ან ინტეგრირებული პანელით იმართება. ორივე მოწყობილობა საუკეთესო შეთავაზებაა ბიზნესისთვის და საკმაოდ მოთხოვნადია დიდ თუ მცირე ოფისებში.

"მეამამ" შექმნა ე.წ Take Away კონცეპციის სავაჭრო ობიექტი - შვილობილი კომპანია "მეამა ქოლექთი", სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს "მეამას" ყავისა და ჩაის გარდა, დააგემოვნოს მათ ბაზაზე შექმნილი ცივი და ცხელი კოქტეილები, სხვადასხვა სახეობის ყავის სასმელები, სმუზები და ტკბილეული. "მეამა ქოლექთი" არის განსხვავებული და დასამახსოვრებელი ვიზუალის მქონე ობიექტი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს უნიკალური გემოს მქონე სასმლის მოყვარულ მომხმარებელში,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, "მეამას" აქტივები 50 მილიონ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 38 მილიონი ლარია. კომპანიის ძირითადი პარტნიორია ბიზნესმენი სულიკო ვარსემაშვილი, რომელიც ამავდროულად კომპანია “ბეთლაივის” 38%-იანი წილის მფლობელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები