სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი მოჭრილი ყვავილები უკან გაბრუნებას დაექვემდებარა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლო-საავტომობილოში", სომხეთიდან შემოჰქონდათ 10 000 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილები. მათი შემოტანა მებაჟეებმა შეაჩერეს, ვინაიდან სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, მცენარეებზე აღინიშნებოდა მავნე მწერების დაზიანება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარა გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნებას.
ცნობისთვის, სომხეთი ეკვადორის შემდეგ, საქართველოსთვის ყვავილების მთავარი იმპორტიორია, საიდანაც გასულ წელს ჯამში 3,2 მლნ აშშ დოლარის ყვავილი შემოვიტანეთ. წელს, პირველ ოთხ თვეში კი სომხეთიდან ყვავილების იმპორტმა 1,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




























