მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიაციის ინსტიტუტის მიმართ მიმართვიანობა 10%-ით გაიზარდა - მედიატორთა ასოციაცია

639c7617d9523
ელენე გოგბერაშვილი
16.12.22 20:00
551
მედიაცია, როგორც სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული ინსტრუმენტი 2020 წლის 1 იანვრიდან გაჩნდა, როცა მთავრობამ „მედიაციის შესახებ“ კანონი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა დავების სიმრავლიდან გამომდინარე გადატვირთულია და საქმეების განხილვა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ ხორციელდება, ჯერ კიდევ საკმაოდ მცირეა იმ ბიზნესების რაოდენობა, რომელიც დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიულ მექანიზმებს მიმართავს.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ჩარჩო გაჩნდა, მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, გაიზარდა როგორც მედიატორის ინსტიტუტის მიმართ მიმართვიანობა, ისე საქმეების რიცხვი, რომელიც მედიატორის ჩართულობით გადაწყდა. ირაკლი ყანდაშვილის თქმით, საქმეების უმრავლესობა ძირითადად სახელშეკრულებო და პარტნიორებს შორის დავას უკავშირდება.

„2021 წლის დასრულების შემდგომ, როცა შეჯამდა მიმართვიანობა, შემიძლია გითხრათ, რომ 10%-ით [„ასეულობით დავაზეა საუბარი“] მოიმატა მიმართვიანობამ, ხოლო მომართულთა 70% შეთანხმებას აღწევს. ამას აქვს ახსნა: მედიაცია უზოგავს მხარეებს ფინანსებს, მედიაციის გზით შეთანხმების მიღწევა უზოგავს მოდავე მხარეებს დროს და რაც მთავარია ადამიანურ რესურსს. მედიაციას მომართავენ გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის მედიაცია გახლავთ კონფიდენციალურად დავის გადაწყვეტის მექანიზმი, რა დროსაც არც აუდიო და ვიდეო ოქმი არ დგება და გაცვლილი ინფორმაცია რჩება კონფიდენციალური“,-აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.

„მედიაციის შესახებ“ კანონის ფარგლებში ქვეყანაში მედიატორთა რეესტრი მოქმედებს, რომელშიც დღეის მდგომარეობით 170-მდე მოქმედი მედიატორია რეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები