"სასამართლოს გუშაგის" დირექტორის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, სახდეპის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესდავების ნაწილი სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება, ნეგატიური გზავნილია საქართველოს პოტენციური ინვესტორებისთვის.
მან BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ აღნიშნა, რომ ანგარიშში მოყვანილი გამოწვევები მნიშვნელოვანია და ყველას ეხება, რადგან ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუარესებას იწვევს.
„ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და აბსოლუტურად ყველას ეხება იმიტომ, რომ თუკი საქართველოში არის სასამართლო, რომელიც არის დამოუკიდებელი, ასეთ დროს განსხვავებული მდგომარეობაა საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. ამაზე მუდმივადაა საუბარი პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც. ბუნებრივია, ეს შემდეგ აისახება მოსახლეობაზე, პირველ რიგში სამუშაო ადგილებზე. პოტენციური ინვესტორებისთვის იქნება სიგნალი, რომ როდესაც ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არის, მარტივი შრომითი დავაც კი შეიძლება პრობლემური გახდეს. წარსულში მქონდა შეხება არაერთ ადამიანთან, რომლებსაც წარმატებული ბიზნესი ჰქონდათ და საქართველო დატოვეს სწორედ იმის გამო, რომ სასამართლო დავები დიდი ხნით გაჭიანურდა“,- განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას წლების წინ ჰქონდა გეგმა, რომ კომერციული პალატები შექმნილიყო, თუმცა საბოლოოდ არ განხორციელდა. ის მიუთითებს, რომ არსებულ პრაქტიკაში, გარდა დამოუკიდებლობისა, პრობლემაა მოსამართლეების არასათანადო გამოცდილება და კვალიფიკაცია.
„ხელისუფლებას წლების წინ, დაახლოებით 2017-2018 წლებში, ჰქონდა გეგმა, იყო მსჯელობა, სამუშაო შეხვედრები, რომ შექმნილიყო კომერციული პალატები, რომლებიც ბიზნესდავებს განიხილავდნენ, რაც ხელს შეუწყობდა პროფესიონალი მოსამართლეების მხრიდან დავების მაღალ დონეზე განხილვას და რაც მთავარია, ამის მოკლე ვადებში გაკეთებას. იყო პარტნიორი ქვეყნებიდანაც სურვილი, რომ პროცესის სწორად წარმართვაში დაგვხმარებოდნენ. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე უარი თქვა და თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნეს ვიწრო სპეციალიზაცია. ეს ნიშნავს კონკრეტული მოსამართლეების მიმაგრებას ბიზნესდავებზე, მეტი არაფერი. არიან მოსამართლეები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ იხილავენ ასეთი მნიშვნელობის დავებს“,- თქვა მან.
ნაზი ჯანეზაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, საქართველო 2013 წლამდე მდგომარეობას უბრუნდება და რამდენიმე კვირაა საბჭოს სხდომები ჩაკეტილ რეჟიმში იმართება.
„სასამართლოში კლანური მმართველობა არის ის, რომ მათ აქვთ კონკრეტული, საკუთარი ბიზნესგეგმები, ინვესტიციები, ინტერესები, ვხედავთ, რომ კონკრეტული მოსამართლეები მდიდრდებიან მაშინ, როდესაც ისინი უნდა ზრუნავდნენ ქვეყნის განვითარებაზე მართლმსაჯულების სწორად განხორციელებით.
დღეს, საქართველო ფაქტობრივად უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას. „ქართული ოცნება“, რომელიც ამაყობდა იმით, რომ გახსნა სასამართლოს დარბაზები, თითქოს სისტემა გახდა უფრო გამჭვირვალე, გახსნა საბჭოს სხდომები, დღეს ეს პრობლემა დგას საბჭოს ნაწილში ჯერჯერობით, მერე არ ვიცით რა იქნება. უკვე რამდენიმე კვირაა საბჭოს სხდომები ჩაკეტილ რეჟიმში მიმდინარეობს, დამკვირვებლებს, მედიას არ უშვებენ“,- აღნიშნა "სასამართლოს გუშაგის" დირექტორმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს, წერია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უკეთესი პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად.