„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ გარემოება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების შრომითი ანაზღაურება იუსტიციის საბჭოს მიერ ყოველწლიურად განისაზღვრება და კანონით განსაზღვრული არ არის პრობლემას წარმოადგენს. ამის შესახებ მან BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" -ში ისაუბრა.
აპრილში პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები დანამატის სახით ₾1.3 მლნ-ს მიიღებენ. სასამართლოს გუშაგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 17 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის დანამატების განსაზღვრის შესახებ.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საბჭომ გადაწყვეტილებების გამოქვეყნებაც შეწყვიტა და სხდომებზე დასწრების წესი გაამკაცრა.
"როცა "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, მათ მოსამართლეებს ხელფასი გაუზარდეს. ამის შემდეგ, ამ საკითხს ოდენობის სახით მთავრობა აღარ შეხებია. 2012 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა გაიზარდა საჭიროებები და ფასებიც. ამდენად, რეალურად, ნამდვილად არსებობს საჭიროება, მოსამართლეებს ხელფასი გაეზარდოთ. ამას გვერდს ვერ აუვლით ეს საჭიროა.
ამის შემდეგ, მოხდა ასეთი რამ, სასამართლო სტრატეგიაში გაიწერა, რომ თანამდებობრივი სარგო და დანამატი უნდა გაერთიანდეს, რათა კანონით განსაზღვრული იყოს მთლიანი ოდენობა, რასა მოსამართლე ფაქტობრივად იღებს. დღეისთვის, არის ასეთი სიტუაცია, ყოველი წლის ბოლოს, ან დასაწყისში, იუსტიციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც 1 წელია ძალაში ამ გადაწყვეტილებით ყველა მოსამართლეზე გაიცემა დანამატი. ეს რეალურად ერთად უნდა იყოს კანონით განსაზღვრული. როგორც ჩანს, "ოცნებას" ეშინია არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმის და მოსამართლე რა ანაზღაურებასაც იღებს კანონში არ წერია. დანამატს განსაზღვრავს საბჭო, რომელიც ბოლო დროს გადაწყვეტილებებს აღარც აქვეყნებს. საზოგადოება ვერ გაიგებს, სხდომას თუ არ დაესწრება, რა გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ", - აცხადებს ჯანეზაშვილი.
მისი თქმით, "სასამართლოს გუშაგის" თანამშრომელი სხდომაზე საშვის გარეშე არ დაუშვეს. მაშინ, როცა აქამდე ეს შეზღუდვა არ მოქმედებდა.