ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გადადგმული ნაბიჯების შედეგად, მედიკამენტების ფასები 12.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2022 – 2023 წლებში, ჯანდაცვის სექტორში გატარებულმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით ფარმაცევტული დარგის რეგულირების სფეროში, საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა ქვეყანაში. საქსტატის მონაცემებით, რეფერენტული ფასების დაწესებამ და თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გამარტივებამ, საერთო ჯამში, მედიკამენტების ფასები 12.5%-ით შეამცირა, რამაც მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა ქვეყანაში ინფლაციის განაკვეთის შემცირებაში“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო მედიკამენტებზე ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
რაც შეეხება თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს, 2022 წლის იანვრიდან, „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, კონკრეტულად კი დღეიდან საქართველოში მედიკამენტების იმპორტიორი ქვეყნების სიას თურქეთის რესპუბლიკა დაემატა.