მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტების ფასების რეგულირება შესაძლოა სუბსიდირებით განხორციელდეს

5edb2a44086ba
ელენე გოგბერაშვილ
06.06.20 11:48
2367
მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ეს მტკიცება დასტურდება სტატისტიკითაც. თუ საერთაშორისო ფონდ კურაციოს მონაცემებს მოვიშველიებთ, მოსახლეობის ორი მესამედი მედიკამენტებს ყიდულობს ჯიბიდან გადახდილი თანხებით, ხოლო თითქმის ერთი მესამედისთვის ეს გადახდები ასოცირებულია კატასტროფულ დანახარჯებთან.

სწორედ მოსახლეობის მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯებით იყო მოტივირებული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გასული წლის ოქტომბერში გაკეთებული განცხადება, როცა საჯაროდ თქვა, რომ მისმა უწყებამ მედიკამენტების ფასების რეგულაციებზე მუშაობა დაიწყო.

ამის შემდეგ იყო ფარმაცევტული სექტორის ჩართულობთ საპარლამენტო განხილვები ჯანდაცვის კომიტეტში აკაკი ზოიძის ხელმძღვანელობის დროს. როგორც ზოიძემ გვითხრა, შემუშავდა რეკომენდაციებიც.ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ბაზარზე მედიკამენტების ხელმისაწვომობა უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან სასიცოცლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედებაა. აკაკი ზოიძე ამ მოდელის მომხრეა, თუმცა სხვა რეფორმებთან კომბინაციაში.

როგორც ის განმარტავს, საჭიროა 3 მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა: 1- ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივება - ხელსაყრელი პირობების შექმნა ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთვის; 2- ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამის გაფართოება - პროგრამაში უნდა ფინანსდებოდეს 90-მდე მედიკამენტი; 3- ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოების წახალისება, მათ შორის საგადასახადო შეღავათებით.

მისი თქმით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი უნდა განხორციელდეს მინიმალური ადმინისტრაციული ბარიერებით, ხოლო ეთიკური კონკურენციისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა შეიქმნას.

„არსად, მათ შორის არც განვითარებულ ქვეყნებში სრულყოფლი ბაზარი ფარმაცევტულ საშუალებებზე არ არსებობს, თითქმის ყველა ქვეყანა არეგულირებს ამა თუ იმ მეთოდით
ჯანდაცვის ბაზარს. იმისთვის, რომ უზრუნველყონ ერთი მხრივ, ხარისხი და მეორე მხრივ, ხელმისაწვდომობა.

ნაკლები ადმინისტრაციული ბარიერი უნდა იყოს რეგისტრაციისთვის. თუნდაც ის ბარიერები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ხარისხიანი წამალი შემოვიდეს ჩვენთან ან იწარმოებოდეს, ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ნაკლებ პრობლემატური ბაზრის მოთამაშეებისთვის - მწარმოებელი იქნება, ბითუმად თუ საცალოდ მოვაჭრე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ და ბარიერები მოვხსნათ. მაქსიმალურად გავამარტივოთ მექანიზმები...ნაკლები ფასი უნდა ჯდებოდეს ხარისხიანი მედიკამენტის შემოტანა, ვგულისხმობ არამხოლოდ თანხას, არამედ დროსაც. ეს საჭიროა, რომ კომპანიებმა ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტი შემოიტანონ და ამით კონკურენცია გააფართოვონ. კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი - აღიკვეთოს არაეთიკური მარკეტინგი, რომელიც ამ ბაზარზე ხშირად გვხდება”,- აცხადებს კაკი ზოიძე.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც ბაზარზე კონკრეტული ჯგუფის მედიკამენტების ფასების სუბსიდირებას გულისხმობს. კაკი ზოიძე ამბობს, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირებაში, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების ტოტალური კონტროლი არ იგულისხმება, რადგან ეს დეფიციტს გააჩენს და შავ ბაზარსაც გაააქტიურებს.

კაკი ზოიძე განმარტავს, რომ უნდა გაფართოვდეს იმ მედიკამენტების სია, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს წამლების შეძენის საშუალებას 1 ლარად აძლევს. მისი შეფასებით, უკვე გამოვლენილია 90-მდე მედიკამენტი, რომელიც ამ სიაში უნდა შევიდეს. მისი თქმით, ამ პროგრამის გაფართოების რეკომენდაცია მისი პარლამენტში მუშაობის დროს ჯანდაცვის კომიტეტმა გასცა და გარკვეული ცვლილებები აისახა კიდეც.

“გვქონდა რეკომენდაცია, რომ გაფართოებულიყო ჩამონათვალი იმ 23 მედიკამენტის ზემოთ, რომელიც აქამდე იყო პროგრამაში შეყვანილი, დაემატა ანტიბიოტიკები ბავშვებისთვის, რაც მისასალმებელია, რადგან ესეც მოწყვლადი ჯგუფია. მაგრამ აუცილებელია სიის დაახლოებით 90 მედიკამენტამდე გაფართოება იმისთის, რომ მაქსიმალურად დავფაროთ მკურნალობის ის სქემები, რომლებიც გამოიყენება ქვეყანაში ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინებით”,- ამბობს აკაკი ზოიძე და აღნიშნავს, რომ ეს მედიკამენტები შერჩეულია 5 ქრონიკული დაავადების მკურნალობისთვის, ისე, რომ პაციენტმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები ყოველდღიურად მიიღოს.

რაც შეეხება მესამე გზას, რომელსაც, ყოფილი დეპუტატის აზრით, შეუძლია ბაზარზე წამლები გააიაფოს. კაკი ზოიძის თქმით, ეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა.

“მაგალითად შარშან ადგილობრივი წარმოებებისთვის ძირითადი საშუალებების იმპორტი გაათავისუფლეს დღგ-სგან”,- ამბობს კაკი ზოიძე და აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა უნდა გაგრძელდეს.

რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით და რამდენჯერმე დაანონსების შემდეგ ფასების რეგულირების რა მოდელს ემხრობა ტიკარაძის უწყება, ამ საკითხზე სასაუბროთ bm.ge-თან ვერც მინისტრმა და ვერც მოადგილეებმა ვერ მოიცალეს.

საერთაშორისო ფონდ კურაციოს ანგარიშებს თუ დავეყრდნობით, ევროპის რეგიონში საქართველო ლიდერობს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებით, რაც 35,7%-ს უტოლდება. 2017 წელს, საქართველოს მოსახლეობამ მედიკამენტების შესაძენად საკუთარი ჯიბიდან 983 მილიონი ლარი დახარჯა. 2017 წლის ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების 96% - ეს სწორედ ჯიბიდან გადახდილი თანხებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები