მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავის მართლების რეჟიმიდან გამოვდივართ... დუმილს აღარ ვაპირებთ - "ფარმაცევტული ასოციაცია"

ზურაბ აზარაშვილი და მედიკამენტები

20 ივლისს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება.

სააგენტოს განცხადების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა,  ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ, გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აფთიაქებში მედიკამენტი "დეპაკინი ხრონო" არ იყო, თუმცა მარაგებში ჰქონდათ. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტო აღნიშნულ ფაქტს სწავლობს, თუმცა უკვე შესაბამისი სამართალდარღვევის ჯარიმების ოქმები შედგა, და რაც მთავარია, სამინისტრომ „სწრაფად მოითხოვა მედიკამენტის ქსელში გაშვება“.

საქართველოს ფარმაცევტულმა ასოციაციამ ჯანდაცვის მინისტრს განცხადებით გუშინ უპასუხა, რომ სამინისტროს მხრიდან, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ნაცვლად, სექტორი  უსაფუძვლო ბრალდებებს ისმენს. 

თემაზე ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონა კოკიაშვილმა “საქმიან დილაში” ისაუბრა. მისი თქმით, დარგი დუმილს აღარ აპირებს და მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას მიაწოდებს. ილონა კოკიაშვილის თქმით, სექტორი გამოწვევების წინაშე დგას, რეფორმის პროცესში კი ჩართულები არ იყვნენ. 

“გადავწყვიტეთ, ყველანაირი თავის მართლების რეჟიმიდან გამოვიდეთ და მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენი დარგი საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას როგორც სამედიცინო, ისე ფარმაცევტული მიმართულებით. ბოლო პერიოდში ფორსირებულად მოხდა რეფორმა, ამას ძალიან დიდი ხარვეზები მოჰყვა. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია საერთოდ არ მიმდინარეობს. სამი მსხვილი ასოციაცია რეფორმების ფორმირებაში ჩართული არ არის. პოსტფაქტუმ რამე ინფორმაციის გაგება იმ დარგისთვის, რომელმაც თავისი ხელით უნდა ჩაატაროს რეფორმები და ჩვენ უშუალოდ უნდა ვიყოთ მომხმარებელთან და პაციენტთან კავშირში, ეს რეფორმა იმ ფორმით რომ შევასრულოთ, რა ფორმითაც მარეგულირებელს სურს, არასწორია. ჩვენი ამ ჯაჭვიდან ამოგდება, ყოვლად მიუღებელია. ელემენტარულად, ჩვენი თანამშრომლებიც ხომ უნდა მოვამზადოთ, ჩვენი ბაზებიც ხომ უნდა მოვამზადოთ, ხომ უნდა დავგეგმოთ? რეფორმა არასწორად მიმდინარეობს” - აღნიშნა ილონა კოკიაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები