“პენსიონერებისთვის და საშუალო შემოსავლის მოქალაქეებისთვის რეფერენტული მედიკამენტების შეძენა უნდა დაფინანსდეს”, - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონა კოკიაშვილმა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში რეფერენტული ფასი დაწესებულია მედიკამენტებზე, რომლებიც დაფინანსებულია ან სადაზღვევო კომპანიის, ან სახელმწიფოს მხრიდან.
“გვესმის, რომ რთული სოციალური ფონი გვაქვს, მოსახლეობას უჭირს და ფინანსური ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე გარკვეულწილად პრობლემაა. მაგრამ თუ წამლის კომპონენტი საყოველთაო დაზღვევის პაკეტში დაემატება, ეს პრობლემა მოგვარდება. გამომდინარე იქიდან, რომ რეფერენტული ფასი ერთ დონეზე აჩერებს ფასს და მის ზემოთ ვერ გაიყიდება, ნებისმიერ ქვეყანაში რეფერენტული ფასი დაწესებულია მედიკამენტებზე, რომლებიც დაფინანსებულია ან სადაზღვევოს, ან სახელმწიფოს მხრიდან. როგორ შეიძლება ეს მოხდეს, სამსჯელოა. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, პენსიონერისთვის შეიძლება ასი პროცენტით დაიფაროს მედიკამენტის ღირებულება, საშუალო შემოსავლის მოქალაქისთვის 70%-ით. აუცილებელი ნაწილია რეფერენტული ფასის რეგულირების ნაწილში დაფინანსების კუთხე”, - აღნიშნა ილონა კოკიაშვილმა.
მისივე თქმით, განსაზღვრული ოთხი რეფერენტული ქვეყნიდან, ორ ქვეყანასთან ფარმაცევტულ კომპანიებს კავშირი არ აქვთ.
“ჩვენი ბაზარი სრულიად იმპორტირებულ მედიკამენტებზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, არასწორად განვსაზღვრავთ რეფერენტულ ქვეყნებს. 4 რეფერენტული ქვეყნიდან 2-თან კავშირი არ იკვეთება. როდესაც ჩვენ ვიღებთ ისეთ ფორმულას, რომელიც ამ ბაზრების საშუალოს საშუალოთი არის განსაზღვრული ჩვენი ქვეყანა, ავტომატურად იფილტრება ფასი. ის ფასი, რომელიც ჩვენი ბაზრისთვისაა შემოთავაზებული, ფიზიკურად ვერ იარსებებს თავად რეფერენტულ ქვეყნებში. მით უმეტეს, ამ ქვეყნებში ერთი ფასი კი არ არის დაწესებული, არამედ ყველა მოლეკულის სხვადასხვა სახეობაზე, სხვადასხვა ფასია. კონკურენცია ამ ნაწილში ერთვება და გინდა თუ არა, ბიზნესის წარმომადგენლებს უწევთ კონკურენტული ფასების შეთავაზება”, - აღნიშნა ილონა კოკიაშვილმა.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები იანვრიდან ამოქმედდა. ის განსაზღვრავს ფასის იმ მაქსიმალურ ზედა ზღვარს, რომელზე ძვირადაც პროდუქტის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას იწვევს.
რეფერენტული საცალო ფასი რეფერენტული საბითუმო ფასიდან ითვლება, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით. კერძოდ, თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – რეალიზატორს მისი მაქსიმუმ 40%-იანი მოგების მარჟით რეალიზაციის უფლება აქვს. 50-იდან 100 ლარამდე რეფერენტული საბითუმო ფასის შემთხვევაში მაქსიმალური მარჟა 15%-ით არის განსაზღვრული, 100 ლარის ან მეტის შემთხვევაში კი ფასნამატი მხოლოდ 20 ლარი შეიძლება იყოს.