საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან გოგიბერიძე აცხადებს, რომ რეფერენტულ ფასებზე გადასვლა კომპანიებისთვის ძალიან რთულად დაძლევადი აღმოჩნდა. საკითხზე მან „საქმიანი დილას“ ეთერში ისაუბრა, სადაც მან გასულ წელს ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები შეაფასა.
„რაც შეეხება რეფერენტულ ფასებს, ეს ძალიან რთულად დაძლევადი აღმოჩნდა ჩვენი კომპანიებისთვის, ეს ეხება როგორც მსხვილ, ასევე წვრილ კომპანიებს. გამომდინარე იქიდან, რომ ფასები, რომელიც მოწოდებული იქნა სახელმწიფოს მიერ, რამაც გარკვეული მიმართულებებით დეფიციტები შექმნა, თუმცა შემდგომ სექტორი მოერგო ამ ფასებს. ყოველთვის, როდესაც ხელს ვიშვერთ ადგილობრივი კომპანიებისკენ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ძირითადი ფასის განმსაზღვრელი ყოველთვის მწარმოებელი და დისტრიბუტორია, რომელსაც საქართველოში პროდუქტი შემოაქვს.
აქედან გამომდინარე, მხოლოდ ადგილობრივზე იმის თქმა, რომ მაღალი ფასნამატებია, სწორი არ იქნება. მაქვს სტატისტიკა, რომ ძირითადად „ფასებზე თამაში“ მოდის სწორედ მწარმოებლებისგან. მათი მხრიდანაც იყო გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, რომ მათი პროდუქცია არ გამქრალიყო ბაზარზე. მაგალითისთვის, 400-ლარიანი მედიკამენტების მოწოდება შეძლეს მომწოდებლებმა 50 ლარად. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ბაზარი იმდენად მიმზიდველია უცხოელი მწარმოებლებისთვის, მათ მოახერხეს, ასე დაბალ ფასებზე ჩამოეყვანათ მედიკამენტების ღირებულება. თუმცა ადგილობრივი კომპანიების ფასნამატი 20%-დან 35%-მდე მერყეობს, ეს ასეც დარჩა. რეფერენტული ფასები მისაღებია, ამის საერთაშორისო პრაქტიკაც არსებობს, თუმცა ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ რეფერენტული ფასების შემოღებამდე უნდა მომხდარიყო გარკვეული კომუნიკაცია სექტორსა და მარეგულირებელს შორის. ეს არ მოხდა“, - თქვა ლევან გოგიბერიძემ.
კითხვაზე, რამდენი მედიკამენტია ისეთი, რომელიც ვერ ჩაჯდა რეფერენტულ ფასში, ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ამ ეტაპისთვის კომპანიებში ჯერ კიდევ არის მედიკამენტების ნაშთები, ამიტომ ალბათ პრობლემა უფრო გაზაფხულისთვის იჩენს თავს.
„თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენი მომხმარებელი მედიკამენტების გარეშე არ დარჩება, თუ ერთი მწარმოებლის მედიკამენტი არ შემოვა, აუცილებლად შემოვა მეორე მწარმოებლის მიერ წარმოებული მედიკამენტი“, - განმარტა მან.