საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან გოგიბერიძე გასულ წელს აფასებს და სამინისტროს მიერ გატარებულ ცვლილებებზე საუბრობს. როგორც გოგიბერიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა, გასული წელი სექტორისთვის ძალიან რთული გამოდგა.
“ძალიან რთული წელი გამოდგა ჩვენი სექტორისთვის, გამოწვევებით სავსე. იგივე რეფერენტული ფასების შემოღება, GMP/GDP-სტანდარტის დანერგვა. კომპანიების გარკვეული ნაწილი ამისთვის მზად იყო, თუმცა სამწუხაროა, რომ 51 წარმოებიდან ამჟამად მხოლოდ 4 აგრძელებს ოპერირებას. თუ 2023 წელზე რაიმე დადებითი შეიძლება ითქვას, ის არის, რომ ქართული წარმოება გადავიდა ახალ სტანდარტზე, რასაც მივესალმებით. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ცვლილებები გეგმაზომიერად უნდა მომხდარიყო, თუმცა კომპანიებს მომზადება უნდა მოესწროთ“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება GMP/GDP სტანდარტების დაკმაყოფილებას, ლევან გოგიბერიძის თქმით, ყველა კომპანია ეძებს გარკვეულ გამოსავალს, რომ ოპერირება გააგრძელოს.
„2025 წლამდე შეუძლიათ მუშაობის გაგრძელება იმ მწარმოებლებს, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ. არის ასეთი რამდენიმე წარმოება, რომლებიც პარალელურად მუშაობენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოასწრონ 2025 წლისთვის ადგილობრივი GMP სტანდარტის დაკმაყოფილება და შემდგომში გააგრძელონ მუშაობა, თუმცა ეს ძალიან რთული თემაა, საჭიროა დიდი ინვესტიცია, პერსონალის შერჩევა და ა.შ. ნაწილმა მოახერხა, რომ წარმოება აუთსორსზე გაეტანა, ნაწილი ფარმაცევტული სტატუსის ქვეშ აღარ მუშაობს და ოპერირებს როგორც საკვები დანამატის მიმართულება. თუმცა, ეს ძალიან მცირე პროცენტია იმ მწარმოებლებისა, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ. დანარჩენებს სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის მუშაობა შეჩერებული აქვთ, რამდენიმე წარმოება უკვე ასრულებს ახალი სტანდარტის მიხედვით წარმოების გადაყვანის მიმართულებას და სავარაუდოდ, ამ წლის განმავლობაში 2-3 წარმოება შეემატება მოქმედების რაოდენობას, თუმცა ეს ძალიან ცოტაა“, - განაცხადა გოგიბერიძემ.
რაც შეეხება ბაზარზე რიგი პროდუქტების დეფიციტს, მათ შორის ნიშადურის სპირტის, „ფარმაცევტული ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს: „სამწუხაროა, რომ ის წარმოებები, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა მიმართულებით, ექსპორტზე გააქვთ ე.წ. მარტივი ტიპის მედიკამენტები, რომელიც ჩვენ ბაზარზე აღმოჩნდა დეფიციტში, თუმცა დეფიციტი არ გაგრძელდება თვეები, ეს იყო რამდენიმე კვირიანი წყვეტა და სამწუხაროდ, ადგილობრივი პროდუქციის ადგილი დაიკავა ჩვენმა „ჩრდილოელმა მეზობელმა“, ბელორუსიამ და ა.შ. ეს ძალიან სამწუხაროა. იმის მაგივრად, რომ ადგილობრივ წარმოებას ვაძლიერებდეთ, ადგილობრივ ბაზარზე არ არიან ხელმისაწვდომი. სამაგიეროდ, სხვა ქვეყნების პროდუქციამ ჩაანაცვლა ისინი, რაც ძალიან სამწუხაროა“.