მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები იგეგმება" - მინისტრი ფარმაკომპანიებზე

63fc9ca04ddb8
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.23 16:19
1031
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უწყება ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების პროცესში ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეფერენტული ფასების ეტაპობრივი ამოქმედების შემდეგ კომპანიებმა მედიკამენტების ნაწილი მნიშვნელოვნად გააძვირეს. მისი თქმით, ამ ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, ფარმაცევტული სექტორის რეგულირებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის წინადადებით, უწყებამ მთავრობას უკვე მიმართა და პარლამენტსაც მიმართავს.

„15 თებერვლიდან ძალაში შევიდა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები, სადაც მედიკამენტების ფასები განისაზღვრა. სამწუხაროდ, აფთიაქების უმრავლესობაში, ის მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასები გავრცელებული არ იყო, მნიშვნელოვნად გაძვირდა, ფასები ზრდა მოხდა ასევე თურქულ მედიკამენტებზე, რომლებზეც გასულ წელს თურქეთიდან პარალელური იმპორტი დავუშვით. ეს ფაქტები იმას გვაჩვენებს, რომ საქმე დიდი ალბათობით შეთანხმებულ მოქმედებებთან გვაქვს. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ რამდენიმე ჰოლდინგი ფარმაცევტულ და მთლიანად სამედიცინო ბაზარზე დომინანტია და ფასის თუ ნებისმიერი სხვა ცვლილებების შემთხვევაში, ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ამ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია იქნება ძალიან მკაცრი, რეგულაციაში შესაბამისი ცვლილებებით მთავრობას უკვე მივმართეთ და ასევე პარლამენტს მივმართავთ. ჩართულია კონკურენციის სააგენტო. მსგავს ფაქტებზე ჩვენი მიდგომა და რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება, რადგან ჩვენი პოლიტიკა მოსახლეობისთვის ფარმაცევტულ და სამედიცინო სექტორში ხელმისაწვდომობის გაზრდაზეა მიმართული და ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტები, რაც გარკვეულ მედიკამენტებზე დაფიქსირდა“, - განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილი ჰოლდინგურ კომპანიებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ 3 ჰოლდინგსა და ერთ კომპანიას ფარმაცევტული ბაზრის 90%-ზე მეტი უკავია და სახელმწიფო მათ მიმართ მკაცრი იქნება.

„მივყვებით იმ რეფორმას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. აუცილებლად ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ და ყველაზე რთული და მკვეთრი ჩვენი მხრიდან ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იქნება, რომელიც ამ რეფორმაზე დადებითად აისახება. შესაბამისად, ფასწარმოქმნაც სამართლიანი იქნება, ბაზრის მონაწილეები ერთმანეთთან კონკურენტულ გარემოში იქნებიან და 2-3 ჰოლდინგის შეთანხმებისას ბაზარზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება და ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები