კითხვაზე, რამდენად ეთანხმება ჯანდაცვის ახლად არჩეული მინისტრი ზურაბ აზარაშვილის მოსაზრებას, რომ ჯანდაცვის ბიზნესსექტორი სიხარბითა და თაღლითობის გამოირჩევა, მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ის სამედიცინო საზოგადოებას პატივს სცემს და, თუ არსებობს მსგავსი შეფასების საფუძველი, ის მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში უნდა შეფასდეს.
“არ ღირს ხმამაღალი მეტაფორების გამოყენება ამ მხრივ, განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს სამედიცინო საზოგადოებისადმი. ბუნებრივია, რომ ეს პათოსი, დამოკიდებულება და განწყობა არსებობს და ეს გასაფრთხილებელია. თუ არსებობს რამე სახის დისონანსი, გადახრები ამ მიმართულებით, ისეთი ქცევა ან ქმედებები, რომლებიც პატივისცემას არ იმსახურებს, ამასაც შეიძლება, მკაფიო შეფასება მიეცეს, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში”, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 1 მარტს დაატოვებინა, ნარატივს, რომ ფარმაბიზნესი ხარბია, ხშირად ავრცელებდა და ამას მედიკამენტებზე მაღალი ფასით ხსნიდა. აზარაშვილმა ამის გამო გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასებიც აამოქმედა.
ცნობისთვის, პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად მეათე მოწვევის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, დანიშნა.