წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტი თინა ტურძელაძე აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირების პროცესში სამიზნე არა იაფი წამალი, არამედ სამართლიანი ფასები უნდა იყოს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯების მზარდ დინამიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ მასშტაბის გამოწვევა არ იყოს.
თინა ტურძელაძე განმარტავს, რომ ფარმაცევტული ბაზარი მკაცრად რეგულირებადია და ამ ბაზრებს ოთხი მთავარი გამოწვევა აქვთ - ხარისხი, უსაფრთხოება, ეფექტურობა და ბოლოს ხელმისაწვდომობა.
„ამ გამოწვევებს ემსახურება რეგულირების ის მექანიზმები, რომლებიც მათ დაძლევაზე მუშაობენ. დღეს ვსაუბრობთ წამლების ხელმისაწვდომობაზე, წამლების მაღალ დანახარჯებზე, წამლების დანახარჯების გავლენაზე გაღარიბებაზე და ეს პრობლემა უცვლელად მოგვყვება უკვე წლებია. ფასების რეგულირებაც, პრაქტიკულად იმით დაიწყო, რომ როგორღაც ეს ფასები შეკავებულიყო. მაგრამ მინდა განვმარტო, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირებით ჩვენი სამიზნე იაფი წამალი არ უნდა იყოს. ჩვენი სამიზნე სამართლიანი ფასებია და ამიტომაც ხდება რეფერენს ქვეყნების შერჩევა, შესაბამისი GDP-ის მიხედვით, ანუ დაახლოებით ჩვენი ქვეყნის მსგავსი GDP-ის მქონე ქვეყნები შეირჩევა რეფერენტულ კალათაში და უკვე მათი ფასების მეშვეობით ხდება აქ ფასების დადგენა“, - განმარტა თინა ტურძელაძემ.
წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტი მედიკამენტების ფასების რეგულირების 10 მექანიზმს ასახელებს - გარე რეფერირება, ფასების შიდა რეფერირება, საზოგადოებრივი შესყიდვები, ანუ რასაც ჩვენ სახელმწიფო ტენდერს ვეძახით; მარქაფები; საბითუმო თუ საცალო მარქაფები; ბაზარზე შესვლის მართვა, რაც ღირებულებაზე დაფუძნებული შესყიდვებია, რომლებიც საქართველოში არ არის გამოყენებული. მისი თქმით, ყველა დანარჩენი მექანიზმი საქართველოში გამოყენებულია. თინა ტურძელაძე აცხადებს, რომ ღირებულებაზე დაფუძნებული შესყიდვები ყველაზე ეფექტურია, თუმცა საქართველო ამისთვის, ჯერჯერობით, მზად არ არის.
„ე.ი. დაახლოებით ხუთი მეთოდოლოგია საქართველოში უკვე გამოყენებულია, შიდა რეფერირება, რომელიც ქართული ბაზრისთვის ნაკლებად ვალიდურია, სადაც კონცენტრაციები მაღალია.
გარე რეფერირება 2022 წლის დეკემბერში იქნა მიღებული და 2023 წლიდან უკვე დაიწყო მისი იმპლემენტაცია და ამ მეთოდოლოგიითაც ფასების რეგულირება უკვე მიმდინარეობს, მარქაფებიც შემოღებულია. თქვენ ახალი, ბოლო ცვლილებაც გაახმოვანეთ, როდესაც აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებულ წამლებზე სავალდებულო გახდა, ანუ დამატებითი მარქაფების შეზღუდვა, ანუ ეს საკმაოდ აგრესიული ჩარევაა იმისათვის, რომ ფასები შეკავებული იქნეს და ნუ აი, პრაქტიკულად ყველა, სახელმწიფო შესყიდვები ისეც გვქონდა, შიდა რეფერირება, რომელიც ნაკლებად ვალიდურია, სახელმწიფო შესყიდვის დროს გამოიყენებოდა. დაგვრჩა, ერთადერთი, რასაც არ ვიყენებთ, ეს არის ღირებულებაზე დაფუძნებული შესყიდვები. ღირებულებაზე დაფუძნებული შესყიდვები ყველაზე ეფექტურია, უბრალოდ საქართველო ამისთვის ჯერჯერობით მზად არ არის, მაგრამ მისი პილოტირება, წესით, უმჯობესია გამოყენებული იქნეს მართული შესვლის ხელშეკრულების ფარგლებში, ძვირად ღირებული, ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის დროს, როცა ვაფინანსებთ იმის და მიხედვით, რა თერაპიულ ეფექტს ვიღებთ, როგორია, დავუშვათ ცხოვრების ხარისხი, რამდენ ხნით უხანგრძლივდება ცხოვრება, დავუშვათ, ონკოლოგიურ პრეპარატებში გადახდას როგორც წესი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ნორვეგია ახდენენ ამის მიხედვით და არა იმის და მიხედვით, რომ დავუშვათ რა ფასი უნდა მწარმოებელს. ეს არის მოლაპარაკების თემა და ეს მეთოდოლოგია ჩვენთან არ გამოიყენება, ვერ გეტყვით, "მენეჯმენტ ენთრი ეგრიმენთის" ფარგლებში გამოიყენება თუ არა, იმიტომ რომ ეს მოლაპარაკებები არის კონფიდენციალური და ჩვენ არ ვიცით, დავუშვათ, იქ რა მეთოდოლოგიით მიმდინარეობს მოლაპარაკება“,- განაცხადა თინა ტურძელაძემ.




























