PSP ჯგუფში აცხადებენ, რომ მედიკამენტების ფასის შემცირების კუთხით, სივრცე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაშია. ამის შესახებ PSP ჯგუფის ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა „ფასების კომისიის“ წევრებისა და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ 2022 წლის შემდეგ ფარმაცევტული სექტორში წამლის ფასი რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემით რეგულირდება და მედიკამენტების 70%-ზე ფასი დარეგულირებულია, თუმცა მედიის კითხვის საპასუხოდ - ხედავს თუ არა დარგი ფასის შემცირების სივრცეს და კონკრეტულად სად გიორგი რამიშვილი ასე პასუხობს: „მედიკამენტების ფასების შემცირების სივრცე, ჩვენი აზრით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაშია, მედიკამენტების უფრო დიდ ჩამონათვალზე გავრცელებაში. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ჩვენი აზრია, რომ ადგილობრივი წარმოების წილი უნდა გაიზარდოს და ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა უნდა დაეწიოს იმ ქვეყნებს, სადაც ადგილობრივად აწარმოებენ მედიკამენტებს“.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან "ფასების სამთავრობო კომისიის" შეხვედრა უკვე დასრულდა რომელსაც 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. კომისიას "ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს და ამ დრომდე შეხვედრა უკვე გაიმართა სუპერმარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია შეხვედრა საწვავის კომპანიებთანაც.




























