ჯანდაცვის სამინისტროს "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში და ასევე "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილება სურს.
კანონპროექტი პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია. ცვლილება სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტი სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაში "სახელმწიფო აფთიაქის შექმნისა" და სახელმწიფოს ფარმაცევტულ სფეროსთან კონკურენციაში შესვლის საფრთხეს ხედავს.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ ცვლილება კერძო სექტორისთვის ნეგატიურად არ აისახება.
როგორც ირაკლი მარგველაშვილი BMG-თან ამბობს, მსგავსი მიდგომა მსოფლიოში აპრობირებულია. ამასთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი აცხადებს, რომ მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესი მთავრობისთვის მარტივი არ იქნება.
"მოლოდინი, რომ ხვალ სახელმწიფო მივა ყველა მწარმოებელთან და ყველასთან ხელშეკრულებას დადებს, ვერ გამართლდება. იმიტომ, რომ ეს ურთულესი ხელშეკრულებებია, რომლებიც კომპლექსურია. მწარმოებლებისთვის ეს რთული პროცესია, რთულია სახელმწიფოსთვისაც. როდესაც სახელმწიფოსთან გაქვს ურთიერთობა, ნდობის ფაქტორიცაა მნიშვნელოვანი. მთავრობას დაგეგმარების რესურსი ყოველთვის ნაკლები აქვს, ვიდრე კერძო კომპანიებს. ამასთან, ზოგი კომპანია ასეთი ტიპის განხილვებს უნდება თვეები და წლები", - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.