მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტის ფასი არა ჩვენზე, არამედ 100%-ით მწარმოებელ კომპანიაზეა დამოკიდებული – "ავერსი"

61a1336fee642
ლიკა გურაბანიძე
28.11.21 13:35
1097

მედიკამენტის ფასს მწარმოებელი კომპანია განსაზღვრავს და არა თავად აფთიაქი,– ამის შესახებ “ავერსის” სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ “საქმიან დილაში” ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად კომპანიას, მინიმალური, 2%-იანი მოგება რჩება. ასე ეხმიანება კომპანია პრემიერმინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებულ ცვლილებებს, რომლებიც მედიკამენტების ფასების რეგულირებას ეხება.

“მედიკამენტი მისი წარმოების ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი პროდუქტია. ვერ ვიტყვით, რომ შესაძლოა მედიკამენტი ამაზე ნაკლები ღირდეს. ასევე საკმაოდ ძვირადღირებულია ის კვლევები, რომლებიც ნებისმიერი ახალი მედიკამენტის ბაზარზე შემოსვლამდე უნდა ჩატარდეს. მედიკამენტის ფასი ჩვენზე არაა დამოკიდებული, ის 100%-ით მწარმოებელ კომპანიაზეა დამოკიდებული. ჩვენი დარიცხვები იმდენად მინიმალურია, რომ მოგება ყოველწლიურად გვიმცირდება. ფასნამატი მინიმუმ 5%-დან 10%-ის ფარგლებში უნდა იყოს, რომ კომპანიამ არსებობა შეძლოს და ის ხარჯები გადაიხადოს, რაც მას არსებობისთვის სჭირდება. გაზრდილია კომუნალური და სახელფასო ხარჯებიც” - განაცხადა ეკა ბურძენიძემ.

სააფთიაქო ქსელების ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ბაზრის 6 უმსხვილესი მო­თამაშის შემოსავალმა 2020 წელს მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 210 მილიონი ლარით მეტია 2019 წლის შემოსავალთან შედარებით. ლიდერებში პირველი გაყიდვების მოცულობით და წმინდა მოგებით  “ჯიპისი/ფარმადეპოა”. 2020-ში კომპანიის შემოსავალი წლიურ ჭრილში  10%-ით გაიზარდა. მსხვილი სააფთიაქო ქსელის მქონე ფარმაცევტული კომპანიების შემოსავლების მოცულობის  ზრდის მიუხედავად 2020 –ში მათი წლიური მოგება  დაახლოებით 38%-ით შემცირდა. გასულ წელს ლიდერი 6 სააფთიაქო ქსელის მოგება 51 357 709 მლნ ლარი იყო მაშინ, როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 82 507 415 მლნ ლარს უტოლდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები