ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე კომპანიაში მიმდინარე პროექტებსა და განვითარების გეგმებზე საუბრობს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აფთიაქების დიზაინის განახლება. „ეს არის პროცესი, რაც ყოველ 5-7 წელიწადში ერთხელ ხდება. რადგან იზრდება მოთხოვნები მომხმარებლის მხრიდან. შემოდის უკეთესი სარემონტო მასალები. სხვათა შორის ჩვენ ხშირად ჩამოგვდის უცხოელი პარტნიორები, რამდენიმე ხნის წინ გვყავდა სტუმრები, როგორც მათ გვითხრეს, 82 ქვეყანაში ყიდიან პროდუქციას და ისეთი ლამაზი აფთიაქები, როგორიც საქართველოშია, არსად არ არის. აფთიაქებში ვდგამთ ასევე თვითმომსახურების აპარატებს, რომლებზეც ძალიან სასიამოვნოა მომხმარებლისთვის პროდუქტის შეძენა. ახლა შევიძინეთ პირველი გერმანული რობოტი აფთიაქისთვის. ეს არის ოთახი, სადაც ავტომატურად ხდება წამლების გამზადება მომხმარებლისთვის და მას დღე-დღეზე გავუშვებთ", - განაცხადა კურტანიძემ BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
დღეისთვის, რობოტი ოთახი "ავერსის" სააფთიაქო ქსელში ერთ მისამართზე ცინცაძის #1-ში მომხმარებელს უკვე ემსახურება.
მისივე თქმით, მუდმივად ვითარდება წარმოებაც. პაატა კურტანიძის ინფორმაციით, მუდმივად ხდება ახალ-ახალი ხაზების და დანადგარების დამატებაც, კლინიკებში კი ყველაფერი დგას, რაც მსოფლიოში ახალი გამოდის.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება “ავერსის” გასვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ, კურტანიძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება.
“საქართველოს ფარგლებს გარეთ ვფიქრობთ გაფართოებას, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკლებად. რადგან მეზობელ ქვეყნებში ადვილად არ შეგიშვებენ. სხვა ქვეყნებში ისე არ ხდება, როგორც საქართველოში, აქ ყველას შეუძლია ჩამოვიდეს, ინვესტიცია გააკეთოს, ბიზნესი დაიწყოს და ა.შ. სულ სხვა ბიზნეს-გარემოა იქ. ჩემს ქვეყანაში, არ არის კორუფცია, გადასახადები აბსოლუტურად მისაღებია, არანაირი სურვილი არ მაქვს სადმე წავიდე და სხვა ქვეყანაში ვეძებო ვინმე, ვისთან ერთადაც საქმეს დავიწყებ”, - თქვა მან.