7 დეკემბრიდან, ყოველ კვირას, 19:30 საათზე, BMG-ის ეთერში სტარტს იღებს ახალი სამედიცინო ტელეპროექტი - „მედსკრიპტუმი“.
გადაცემის წამყვანები ლევან ალავიძე და ნინი ჯალაბაძე იქნებიან. მედიცინაში ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეებზე კი, თავისი რუბრიკა ექნება არსენ სებისკვერაძეს.
“ჩვენ მოგიყვებით დაზუსტებულ, სანდო კვლევებზე დაფუძნებულ უახლეს ინფორმაციას სამედიცინო სიახლეებსა და ბიოტექნოლოგიურ აღმოჩენებზე, ბიოინჟინერიაზე, იმუნოთერაპიასა და პერსონალიზებულ მკურნალობაზე“, - ამბობენ „მედსკრიპტუმის“ წამყვანები.
ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ამაღლება, არსებული პრობლემების სიღრმისეული ანალიზი და თანამედროვე სამედიცინო რეკომენდაციების გავრცელება - ასე აღწერს BMG-სთან „მედსკრიპტუმის“ მიზანს ტელეპროექტის პროდიუსერი ეკა სარია.
„მთელი კარიერის განმავლობაში, სულ ვცდილობდი მაყურებლისთვის ყველაზე “ცხელი წერტილებიდან” მომემზადებინა საინტერესო რეპორტაჟები, მეჩვენებინა კულისები, მომეყოლა ადამიანური ისტორიები. ამ ახალ პროექტშიც ასე გავაგრძელებთ; ისევ მოგიყვებით საინტერესო ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი ხელებით ქმნიან მომავლის მედიცინას, ოღონდ ახლა ცხელ წერტილებს მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო კვლევითი ცენტრები, ბიოინჟინრული ლაბორატორიები და კლინიკები ჩაანაცვლებს.
მოკლედ, გვიყურეთ ყოველ კვირა საღამოს, 19:30 საათზე და გაიგეთ, რა მიმართულებით და როგორ ვითარდება მსოფლიო მედიცინა და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ ცვლილებებში საქართველოში მოქმედი და საქართველოდან წასული ექიმები და მეცნიერები”, - აცხადებს გადაცემის პროდიუსერი ეკა სარია.




























