ქართველ პაციენტებსა და მათ ოჯახებს ამერიკულ სამედიცინო ექსპერტიზაზე წვდომა უმარტივდებათ. საქართველოში ტელემედიცინის ახალი, საერთაშორისო პლატფორმა - MedVeritas Global იწყებს ოპერირებას, რომლის მიზანიც პაციენტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე, მაღალკვალიფიციურ ექიმებთან მეორეული სამედიცინო მოსაზრების (ე.წ. Second Opinion) მიღების, ზუსტი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე სქემების შედგენის შესაძლებლობის მიცემაა ისე, რომ მათ საზღვარგარეთ გამგზავრება არ დასჭირდეთ.
როგორ მუშაობს პლატფორმა, რა კრიტერიუმებით ირჩევიან ამერიკელი ექიმები და რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას - ამ თემებზე "საქმიანი დილას" ეთერში MedVeritas Global-ის თანადამფუძნებლებმა ისაუბრეს.
როგორც პლატფორმის სტრატეგიისა და გლობალური პარტნიორობის დირექტორი, მარიამ ჯაში განმარტავს, Medveritas Global-ი პირველ ეტაპზე ქართველ პაციენტებს უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ვიდეოკონსულტაციებს შესთავაზებს აშშ-ში მოქმედ ექიმ-სპეციალისტებისგან.
"ვფიქრობ, რომ ჩვენს ინიციატივას რამდენიმე განსაკუთრებული ფაქტორი ახასიათებს: ეს არის პირდაპირი წვდომა, ვიდეოკონსულტაციების საშუალებით ამერიკაში სერტიფიცირებულ და ლიცენზირებულ სპეციალისტებთან, რათა მოხდეს დიაგნოზის და მკურნალობის სქემების დაზუსტება და სწორედ მეორეული, ალტერნატიული სამედიცინო მოსაზრების მოძიების საშუალება მისცეს პაციენტს.
მეორე მთავარი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ჩვენ არ ვანაცვლებთ ჩვენი ქართველი კოლეგების საქმიანობას. პირიქით, ეს არის პლატფორმა, რომელიც დაგვეხმარება, რომ პაციენტებისთვის განსაკუთრებით რთული დიაგნოსტიკური და სამედიცინო მდგომარეობების დროს მოვახდინოთ საუკეთესო, ოპტიმალური მიდგომების შეჯერება. დიდი იმედი გვაქვს, რომ MedVeritas Global-ი გახდება ხიდი ქართველ ექიმებსა და ამერიკაში მოღვაწე კოლეგებს შორის", - აღნიშნავს კომპანიის სტრატეგიისა და გლობალური პარტნიორობის დირექტორი მარიამ ჯაში.
მისივე თქმით, პლატფორმის წარმომადგენლობა თბილისში, დიღომში (გ. ჟვანიას ქ. #2) უკვე ფუნქციონირებს. პროცესი იწყება ვებგვერდიდან განაცხადის შევსებით, სატელეფონო ან ელ-ფოსტით კომუნიკაციით. ექიმი-კოორდინატორი უზრუნველყოფს სამედიცინო ისტორიის ინგლისურ ენაზე ატვირთვას, აშშ-ში მოღვაწე ექიმთან ვიდეოკონსულტაციის ჩანიშვნას და თავადაც ესწრება პროცესს სერვისის უწყვეტობისთვის.
MedVeritas Global-ის გენერალური დირექტორი, თამარ ჭელიძე იხსენებს, რომ იდეა იმ მრავალწლიანი გამოცდილებიდან დაიბადა, რომელიც მას აშშ-ში ქართველ პაციენტებთან ურთიერთობისას დაუგროვდა.
"დაახლოებით 26 წელია შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ და ამ წლების განმავლობაში ძალიან ხშირად მიკავშირდებოდნენ ქართველი პაციენტები... გაურკვეველი დიაგნოზით, ან როცა არ იცოდნენ რომელი გზისთვის მიემართათ და გადამოწმებას ითხოვდნენ ამერიკაში სპეციალისტებთან. საბედნიეროდ, საკმაოდ დიდი ქსელი მყავს ექიმების და მქონდა შესაძლებლობა დამეკავშირებინა ეს ადამიანები კოლეგებთან. სულ ვფიქრობდი, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს უნიკალური რესურსი ინსტიტუციონალურად წავიღოთ უკან საქართველოში.
ეს პროცესი 2011 წელს ვაშინგტონში ჩატარებული პირველი სამედიცინო კონფერენციით დავიწყეთ, რომლის მიზანიც ამერიკაში არსებული ქართული პროფესიული რესურსის გაერთიანება და ქართული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. სხვადასხვა გარემოებების გამო პროცესი შეფერხდა, თუმცა პაციენტების მხრიდან დახმარების თხოვნა გრძელდებოდა. ბუნებრივია, ინდივიდუალურად ადამიანების დახმარებას თავისი ლიმიტები აქვს. ამიტომ, ჩვენ გვინდოდა გაგვეგრძელებინა ის, რაც დავიწყეთ - დავხმარებოდით როგორც პაციენტებს მეორეული მოსაზრების მიღებაში, ისე გაგვეძლიერებინა ადგილობრივი ექიმები", - აცხადებს თამარ ჭელიძე.
პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ექიმების შერჩევის მკაცრი ამერიკული სტანდარტია. თამარ ჭელიძის განმარტებით, ყურადღება ექცევა არა მხოლოდ კვალიფიკაციას, არამედ ექიმის ემპათიასა და პაციენტების შეფასებას.
"ყველა ექიმი პირველ რიგში უნდა იყოს სერტიფიცირებული, ლიცენზირებული ამერიკაში და ჰქონდეს აქტიური პრაქტიკული გამოცდილება. შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი იყოს გამორჩეული პროფესიულად, ჩართული სამეცნიერო კვლევებში და ჰქონდეს პუბლიკაციები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რა რეპუტაცია აქვთ ამ ექიმებს უშუალოდ პაციენტებში. რეიტინგი ვარსკვლავებით ისაზღვრება და მაქსიმალურად ვცდილობთ, არ შევარჩიოთ ექიმი, რომელსაც 4 ვარსკვლავზე ნაკლები აქვს ათასობით შეფასებიდან. ეს კრიტერიუმები გვაძლევს საშუალებას, პაციენტს შევთავაზოთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სამედიცინო მოსაზრება, არამედ განსაკუთრებული მხარდაჭერა. ემპათია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია", - აღნიშნავს პლატფორმის გენერალური დირექტორი.
კლინიკური დირექტორი, ნინო მიქაბერიძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოში განვითარებული დიაგნოსტიკური შესაძლებლობები ტელემედიცინის ამ მოდელს განსაკუთრებით ეფექტიანს ხდის.
"მისასალმებელია, რომ საქართველოში უკვე დანერგილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული, რადიოლოგიური და მორფოლოგიური კვლევის მეთოდები. ეს მნიშვნელოვნად აადვილებს საქართველოდან მოწოდებული სამედიცინო მონაცემების შეფასებას. ჩვენ ვფიქრობთ, MedVeritas-ის პლატფორმა ხელს შეუწყობს, შემცირდეს ქართველი პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრების საჭიროება და პაციენტებს თავიდანვე ავარიდოთ არასაჭირო, ზედმეტი დიაგნოსტიკური მიმართვები და ხარჯები.
მეორე მოსაზრება ამერიკასა და ევროპაში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც დიაგნოზის სიზუსტის გაზრდას ემსახურება. ჩვენი მიმართულებაა, ადგილობრივ ექიმებთან მჭიდრო და კოლეგიალურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომებით მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს. მხოლოდ გუნდური მუშაობით არის შესაძლებელი ცოდნის გაზიარება პაციენტის ჯანმრთელობის სასიკეთოდ", - აცხადებს ნინო მიქაბერიძე.
იმისათვის, რომ მაღალი კლასის ამერიკული სამედიცინო სერვისი საქართველოს მოქალაქეებისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს, MedVeritas Global ადგილობრივ ფინანსურ სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს.
"რამდენადაც ქართველი ექიმები ვართ დამფუძნებლები, გვეამაყება, რომ პირველი ოფისი საქართველოში იხსნება. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ სერვისი ხელმისაწვდომი იყოს, შეჯერებული ღირებულება შეიძლება ფინანსურ ბარიერად იქცეს. ამიტომ უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სადაზღვევო კომპანიებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ MedVeritas Global-ის პროდუქტი მათი სერვისების ნაწილი გახდეს. მომავალ წელს ვფიქრობთ, შეიქმნება ფონდიც, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ამ სერვისს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის", - ამბობს მარიამ ჯაში.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ პლატფორმა გლობალურ მასშტაბზეა ორიენტირებული: "ჩემი მთავარი მისია ამ წამოწყებაში MedVeritas Global-ის სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში გაფართოებაა. იმედი გვაქვს, რომ ეტაპობრივად ევროპის, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც გაიხსნება ჩვენი წარმომადგენლობები."




























