მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეფისქალაქი-რკონის გზის რეაბილიტაციის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება - პროექტი ₾12.4 მლნ ჯდება

გზა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 13.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ორ მონაკვეთზე - კმ4-კმ13 და კმ13-კმ18-ზე მიმდინარეობს.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული გზა ძირითადად ხრეშოვანია, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს. პროექტის ფარგლებში კი, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა: დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, მიერთებები, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, ავტოპავილიონი და საგზაო ნიშნები.

"მეფისქალაქი-რკონის გზა კასპის მუნიციპალიტეტს ტურისტულად მნიშვნელოვან რკონის ხეობასთან აკავშირებს, ხოლო სოფლებს - რკონს, ჩაჩუბეთსა და ერთაწმინდას - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან. შესაბამისად, გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის", - წერია ინფრასტრუქტურის უწყების პრესრელიზში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12.4 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები